ლევან იზორია - თავდაცვის სამინისტროში ხარჯების მატება განაპირობა ობიექტურმა გარემოებებმა, მნიშვნელოვანი ღონისძიებების დაფინანსებამ
ლევან იზორია - თავდაცვის სამინისტროში ხარჯების მატება განაპირობა ობიექტურმა გარემოებებმა, მნიშვნელოვანი ღონისძიებების დაფინანსებამ

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია აცხადებს, რომ მის უწყებაში გასულ წელს ხარჯების მატება ობიექტური გარემოებებით იყო გამოწვეული, რაც მნიშვნელოვანი ღონისძიებების დაფინანსებაში გამოიხატა. ამის შესახებ ლევან იზორიამ ჟურნალისტებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშთან დაკავშირებულ კითხვაზე განუცხადა.

„მინდა, საზოგადოებას ცალსახად მივაწოდო ინფორმაცია, რომ ხარჯების მატება განაპირობა გარკვეულმა ობიექტურმა გარემოებებმა. კერძოდ, 2017 წელს ჩვენ გვქონდა მნიშვნელოვანი ღონისძიებები. გამოვყოფდი ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ვიზიტს, რომლის ხარჯების ჯამური ღირებულება შეადგენდა დაახლოებით 400 000 ლარს. ასევე, პირველად 2017 წელს ჩატარდა სამხრეთ აღმოსავლეთის თავდაცვის მინისტერიალი, რაც ასევე დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული, რამაც ჯამურად მოგვცა სწორედ ის განსხვავება, რაც 2016 წლის ბიუჯეტით იყო წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის გათვალისწინებული“, – აღნიშნა ლევან იზორიამ.

მისივე თქმით, მსგავსი ღონისძიებების დაფინანსება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარეა მნიშვნელოვანი.

„ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ, რომ მსგავსი ღონისძიებების დაფინანსება ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არის მნიშვნელოვანი და ამას ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ. ასე რომ, ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე რომ არის ხარჯების ზრდა, ამას წლევანდელი წარმომადგენლობითი ხარჯებიც მოწმობს, რომელიც 10 თვის მონაცემებით გაცილებით ნაკლებია, ვიდრე შარშან იყო და იქნება გაცილებით ნაკლები ჯამურად, ვიდრე 2017 წელს. თქვენ თუ დააკვირდებით, გასული რვა წლის წარმომადგენლობით ხარჯებს, ნახავთ, რომ დინამიკა ძალიან განსხვავებულია და ეს განპირობებულია მნიშვნელოვანი ღონისძიებების დაფინანსებით“, – განაცხადა ლევან იზორიამ.