ირაკლი მექვაბიშვილი - საზოგადოებრივი მაუწყებლის 2015-2016 წლების აუდიტის ანგარიშში სისტემურ ნაწილში არსებულ ნაკლოვანებებზეა საუბარი
ირაკლი მექვაბიშვილი - საზოგადოებრივი მაუწყებლის 2015-2016 წლების აუდიტის ანგარიშში სისტემურ ნაწილში არსებულ ნაკლოვანებებზეა საუბარი

საზოგადოებრივი მაუწყებლის 2015-2016 წლების აუდიტის ანგარიშში საუბარია სისტემურ ნაწილში არსებულ ნაკლოვანებებზე, დაწყებული აღრიცხვა-ანგარიშგების კუთხიდან, დამთავრებული კორპორატიული მმართველობით, – ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელმა ირაკლი მექვაბიშვილმა ჟურნალისტებს პარლამენტში, ნდობის ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, აუდიტის დასკვნაში გაცემულია რეკომენდაციები და აუდიტის სამსახური მენეჯმენტისგან ამ რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმას ელოდება.

„აქვე მინდა ვთქვა, რომ სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით,  მზად ვართ ჩავერთოთ ამ პროცესში და გარკვეული კონსულტაციები გავუწიოთ, თუ როგორ ვფიქრობთ და როგორ არის შესაძლებელი იმ დროს არსებული ნაკლოვანებების გამოსწორება”, – განაცხადა ირაკლი მექვაბიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა საზოგადოებრივი მაუწყებლის ფინანსური საქმიანობის 2015-2016 წლების აუდიტის ანგარიში.

ანგარიში 2015 წლის 1-ელი იანვრიდან 2016 წლის 31 დეკემბრამდე დასრულებულ საანგარიშო პერიოდს მოიცავს.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული,  2015-2016 წლებში საზოგადოებრივ მაუწყებელში საბიუჯეტო პროცესების მართვა ხარვეზებით  ხორციელდებოდა.