აუდიტი - 2015-2016 წლებში საზოგადოებრივ მაუწყებელში საბიუჯეტო პროცესების მართვა ხარვეზებით ხორციელდებოდა
აუდიტი - 2015-2016 წლებში საზოგადოებრივ მაუწყებელში საბიუჯეტო პროცესების მართვა ხარვეზებით ხორციელდებოდა

2015-2016 წლებში საზოგადოებრივი მაუწყებლის საბიუჯეტო პროცესების მართვა  მნიშვნელოვანი ხარვეზებით ხორციელდებოდა.

ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშშია ნათქვამი.

ანგარიში 2015 წლის 1-ელი იანვრიდან 2016 წლის 31 დეკემბრამდე დასრულებულ საანგარიშო პერიოდს მოიცავს.

აუდიტის ანგარიშის თანახმად, აღნიშნულ პერიოდში სამეურვეო საბჭოს ყოფილ წევრს, რომელსაც უფლებამოსილების ვადა ჰქონდა შეწყვეტილი, ხუთი თვის განმავლობაში ჰონორარის სახით უსაფუძვლოდ აქვს მიღებული  12 800 ლარი, საშემოსავლო გადასახადის გარეშე.

ამავე ანგარიშში ნათქვამია, რომ დამტკიცებული ბიუჯეტი წლის განმავლობაში ძირეულად იცვლებოდა.

„საბიუჯეტო კლასიფიკაციით განსაზღვრული არც ერთი ხარჯის კატეგორია არ იყო სათანადოდ დასაბუთებული და არ ეყრდნობოდა იმ პერიოდში ორგანიზაციაში არსებულ მოთხოვნებს. კერძოდ: 2016 წელს ბიუჯეტით დაგეგმილი იყო არაფინანსური აქტივების ზრდა 8 222 000 ლარით, საიდანაც 5 187 800 ლარი გადატანილი და გახარჯულია ხარჯების სხვადასხვა კატეგორიაში“, – ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, 2015-2016 წლებში საზოგადოებრივ მაუწყებელში შრომის ანაზღაურებამ,  საკასო შესრულების მიხედვით წარმოდგენილი 431 213 ლარისა და 521 278 ლარის ნაცვლად, რეალურად შეადგინა, შესაბამისად, 16 652 617 ლარი და 21 329 289 ლარი.

აუდიტის სამსახური ასევე ხაზს უსვამს, რომ 2015 წლის 1-ელი იანვრიდან 2016 წლის 31 დეკემბრამდე საანგარიშო პერიოდში, სამეურვეო საბჭო მაუწყებელზე ფინანსურ და მმართველობით კონტროლს წარმართავდა მნიშვნელოვანი სისუსტეებით.

„კერძოდ, სამეურვეო საბჭოსთან შეუთანხმებლად, მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა თანამშრომლებს გაუზარდა ხელფასი 1 182 139 ლარით;  მაუწყებელმა, სამურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებულ ბიუჯეტში კანონით განსაზღვრული შესაბამისი ცვლილების შეტანის გარეშე, გასწია შემდეგი ხარჯები: 2015 წელს  3 704 559 ლარი, ხოლო   2016 წელს  4 302 233 ლარი“, – ნათქვამია ანგარიშში.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური რეკომენდაციით მიმართავს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს და მოუწოდებს, რომ მაუწყებლის ბიუჯეტი შეთანხმდეს სამეურვეო საბჭოსთან, საქართველოს პარლამენტის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცებამდე, რათა სამეურვეო საბჭოსა და ბიუჯეტის კანონით გათვალისწინებულ ასიგნებებში ხარჯების თითოეული კატეგორია ემთხვეოდეს ერთმანეთს. ასევე მოუწოდებს, რომ  სამეურვეო საბჭომ პერიოდულად აკონტროლოს მისი მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის ხარჯვის შესრულება, რათა თავიდან იქნეს  აცილებული ხარჯების კლასიფიკაციებს შორის დამტკიცებულისგან განსხვავებული ოდენობით ხარჯვა.