აუდიტის სამსახური - ფოთის მერის მოადგილეებმა სახელფასო დანამატები უნდა დააბრუნონ
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო ხარჯები შეამოწმა. შესაბამისობის აუდიტით გამოვლინდა, რომ ფოთის მერის მოადგილეებზე დანამატები კანონდარღვევით გაიცა. საუბარია ჯამში 13 700 ლარზე.
კერძოდ, 2016 და 2017 წელს ფოთის მერის მოვალეობას მისი მოადგილეები ასრულებდნენ და მათზე ამისთვის სახელფასო დანამატები გაიცა. თუმცა, სახელფასო დანამატის გაცემის აღნიშნული წესი არ ვრცელდება მუნიციპალიტეტის მერიის-გამგებლის მოადგილესა და გამგეობის-მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელზე.
აუდიტის სამსახურში მიაჩნიათ, რომ მუნიციპალიტეტის მერიამ უნდა გამოავლინოს დანამატის გაცემაზე პასუხისმგებელი პირები, მათ მიმართ გაატაროს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები. მერიამ ასევე უნდა უზრუნველყოს ზედმეტად გადახდილი თანხების ბიუჯეტში დაბრუნება.