აუდიტის სამსახური - დეკემბერში ბიუჯეტის თანხების მასშტაბური ათვისებაა მოსალოდნელი
აუდიტის სამსახური - დეკემბერში ბიუჯეტის თანხების მასშტაბური ათვისებაა მოსალოდნელი

სახელმწიფო აუდიტის სამსახური მიმდინარე წლის ბოლოს ბიუჯეტიდან გასაწევი ხარჯების მოსალოდნელ ზრდაზე საუბრობს და ამასთან დაკავშირებით რესურსების არაეფექტიანად და არამიზნობრივად გახარჯვის რისკებს ხედავს.

„მოსალოდნელია გადასახდელების მნიშვნელოვანი ნაწილის ათვისების კონცენტრაცია ბოლო კვარტალში“, – აღნიშნულია სამსახურის მოხსენებაში, რომელიც 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებას შეეხება.

აუდიტის სამსახურში იმასაც ვარაუდობენ, რომ ხარჯების განსაკუთრებით დეკემბერში გაიზრდება.

„იმ შემთხვევაში, თუ მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების წლიური გეგმა (12.5 მლრდ ლარი) სრულად იქნება გამოყენებული, წლის ბოლო ოთხი თვის გადასახდელების საშუალოთვიური მაჩვენებელი 1,312 მილიარდ ლარს გაუტოლდება, რაც ფისკალური წლის პირველი რვა თვის ფაქტობრივი გადასახდელების საშუალო მაჩვენებელს (901 მლნ ლარი) 45.6%-ით გადააჭარბებს. თუ გავითვალისწინებთ გასული წლების ტენდენციებს, გადასახდელების ათვისება ბოლო ოთხი თვის განმავლობაში თანაბარზომიერად არ მიმდინარეობს და მკვეთრად იზრდება დეკემბერში. აღნიშნული კი ქმნის წლის ბოლოს აუთვისებელი საბიუჯეტო რესურსების არაეფექტიანად და არამიზნობრივად გახარჯვის რისკს. უნდა აღინიშნოს, რომ ანალოგიურ მდგომარეობას ჰქონდა ადგილი 2017 წლის 8 თვეშიც, როდესაც ბოლო 4 თვის გადასახდელების მოსალოდნელი საშუალოთვიური ათვისების მაჩვენებელი 10.5%-ით აჭარბებდა პირველი რვა თვის ფაქტობრივი გადასახდელების საშუალო მაჩვენებელს, თუმცა დეკემბერში ათვისებული რესურსის მოცულობამ წინა 11 თვის საშუალო მაჩვენებელს 93%-ით გადააჭარბა. იმის გათვალისწინებით, რომ მიმდინარე წლის 8 თვის ათვისების ტენდენციები წინა წლების შესაბამისი პერიოდის მსგავსია, ხოლო შესრულების მაჩვენებელი შედარებით დაბალია, 2018 წლის ბოლოს მოსალოდნელია გადასახდელების ათვისების უფრო მასშტაბური ზრდა, წინა თვეების საშუალო მაჩვენებელთან შედარებით“, – ნათქვამია მოხსენებაში.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, საჭიროა ყურადღება გამახვილდეს როგორც მხარჯავი დაწესებულებების, ისე მაკოორდინირებელი უწყების მხრიდან მსგავსი ტენდენციის მქონე პროგრამების/ქვეპროგრამების ასიგნებების დროულ და თანაბარზომიერ ათვისებაზე, რათა თავიდან იქნეს აცილებული გასული წლების მსგავსად საბიუჯეტო წლის ბოლოს ასიგნებების მასშტაბური ათვისების ტენდენცია.

დოკუმენტის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები 2018 წლის ბიუჯეტის კანონით 12.5 მილიარდი ლარის დონეზე განისაზღვრა. ათვისება 8 თვის მდგომარეობით წლიური გეგმის 57.9%-ს (7.2 მლრდ ლარი), ხოლო ცხრა თვის გეგმის 80.2%-ს შეადგენს. შესრულების მაჩვენებელი წლიურ გეგმასთან მიმართებაში, გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 4.3%-ით ჩამორჩება.

დატოვე კომენტარი