გიორგი კაკაურიძე – ინტენსიურად ვმუშაობთ სამინისტროებთან, რათა 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტი ჩამოყალიბდეს, პროექტს დაახლოებით ორ კვირაში წარვადგენთ

14:38, 10.11.2025

ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე აცხადებს, რომ სამინისტროებთან ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს, რათა 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტი ჩამოყალიბდეს.

მისივე თქმით, ორ კვირაში პარლამენტს წარუდგენენ როგორც 2025 წლის ბიუჯეტის ცვლილებებს, ასევე 2026 წლის ბიუჯეტის საბოლოო პროექტს.

„2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა დაფუძნებული. ამ ეტაპზე სამინისტროებთან ინტენსიურად ვმუშაობთ, მათ შორის კომიტეტებთან რიგი მიმართულებებით, რათა საბოლოო ვარიანტი ჩამოყალიბდეს. 2026 წლის ბიუჯეტი დამოკიდებულია 2025 წლის ბიუჯეტის პარამეტრებზეც. ვფიქრობთ, 2025 წლის ბიუჯეტშიც გარკვეული ცვლილება იქნება საჭირო და დაახლოებით ორი კვირის ვადაში პარლამენტს წარმოვუდგენთ როგორც 2025 წლის ბიუჯეტის ცვლილებებს, ასევე 2026 წლის ბიუჯეტის საბოლოო პროექტს. მასში ასახული იქნება უდიდესი ნაწილი იმ წინადადებების, შენიშვნების, რომლებიც პარლამენტის დასკვნაში აისახა. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ყველა ის ინიციატივა და წინადადება, რომლებიც პარლამენტის მხრიდან იყო, აისახოს 2026 წლის ბიუჯეტში. უწყებებს, უმეტეს შემთხვევაში, დაფინანსება ეზრდებათ. ინფრასტრუქტურის სამინისტრო ერთ-ერთი მნიშვნელოვანია მომავალი ეკონომიკური ზრდებისთვის. აქტიური მუშაობა მიმდინარეობს კონკრეტულ პროექტებზე და, დარწმუნებული ვარ, ბოლო ვარიანტში იქნება კიდევ ასახული რამდენიმე ახალი პროექტი, რომლის დაფინანსება დაიწყება მომდევნო წლიდან. შესაბამისად, საბოლოო ვარიანტში აისახება ყველა ის ძირითადი მიმართულება, რომლის დაფინანსებაც 2026 წლიდანაა შესაძლებელი“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

მსგავსი