აუდიტის სამსახური - ბორჯომის მუნიციპალიტეტმა არ გაითვალისწინა მთავრობის რეკომენდაცია და არ მიიღო პრემიების ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესი
აუდიტის სამსახური - ბორჯომის მუნიციპალიტეტმა არ გაითვალისწინა მთავრობის რეკომენდაცია და არ მიიღო პრემიების ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესი

ბორჯომის მუნიციპალიტეტმა არ გაითვალისწინა საქართველოს მთავრობის რეკომენდაცია და არ მიიღო პრემიების ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესი – ამის შესახებ ნათქვამია მუნიციპალიტეტის ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის ანგარიშში.

ანგარიშის მიხედვით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში გაცემული პრემიების რაოდენობა და ჯერადობა აღემატება რეკომენდებულ ზღვრულ ნორმას. მუნიციპალიტეტის მიერ არ არის დაცული საბიუჯეტო თანხების რაციონალური და ეკონომიური ხარჯვის ვალდებულება.

„მუნიციპალიტეტში ყოველთვიური დანამატი დაწესებული იყო წინასწარ, მთელი წლის განმავლობაში. აუდიტის ობიექტს არ შეეძლო წინასწარ განესაზღვრა მთელი წლის განმავლობაში, რომელი საჯარო მოხელე იმუშავებდა ზეგანაკვეთურად და ექნებოდა განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვა.

აქედან გამომდინარე, არ არის დასაბუთებული დანამატის გაცემის ობიექტური საჭიროება და მიზანშეწონილობა. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირებზე ანაზღაურებულია უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები.

მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურდება საკრებულოს მხოლოდ არათანამდებობის პირებზე. შედეგად მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირებზე ხარჯების ანაზღაურება ეწინააღმდეგება ორგანული კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს” – ნათქვამია აუდიტის სამსახურის ანგარიშში, რომელიც ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ფინანსური ანგარიშებს ეხება.