აუდიტის სამსახური - 2016 წელს გარემოს დაბინძურებით გამოწვეული დაავადების მკურნალობა სახელმწიფოს 120 მილიონი ლარი დაუჯდა
გარემოს დამაბინძურებლებით გამოწვეული დაავადებების მკურნალობაზე 2016 წელს სახელმწიფომ ბიუჯეტიდან 120 050 566 ლარი გამოყო, – ამის შესახებ ნათქვამია „ქ. თბილისის მასშტაბით ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვით გამოწვეული ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირების ღონისძიებების ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშში“, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა.
ანგარიშში მავნე ნივთიერებებით გამოწვეული დაავადებებიცაა ჩამოთვლილი. ესენია: ასთმა, ბრონქებისა და ფილტვების დაავადებები, ინტოქსიკაცია, თვალების წვა, სისხლმბადი ორგანოების დააავადებები (ლიმფომა, ლეიკემია), ფილტვების კიბო და სხვა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური ასევე მიუთითებს, რომ საქართველოში არ არის დამტკიცებული გარემოს დაცვის მოქმედებათა მესამე ეროვნული პროგრამა NEAP-3 და „საქართველოში დღეისათვის ატმოსფერული ჰაერის ხარისხობრივი მაჩვენებლების მოქმედი ნორმები ეფუძნება საბჭოთა ხელისუფლების მიერ დაწესებულ სახელმწიფო სტანდარტებს, ე.წ. „გოსტებს“, რაც ხელს უშლის საერთაშორისო სტანდარტებთან შესადარისობას“.
აუდიტის დასკვნის თანახმად, გარემოს დაცვის სამინისტროს მონაცემებით, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების უდიდესი წილი სატრანსპორტო სექტორზე მოდის. მათ მოსდევს მრეწველობა (მეტალურგიული კომბინატები, ქიმიური მრეწველობის ობიექტები, ცემენტის ქარხნები, ფეროშენადნობთა ქარხანა და სხვ.); მშენებლობა (ძველი შენობების დემონტაჟი, მშენებლობის ნორმების დაუცველობა, ბადეების გამოყენების უგულებელყოფა); ენერგეტიკული სექტორი (თბოსადგურების მოხმარებისთვის გამოყენებული მყარი და თხევადი საწვავი, ნავთობისა და გაზის მოპოვება და სხვ.); სოფლის მეურნეობა (შხამ-ქიმიკატების მოხმარება); გადამამუშავებელი მრეწველობა (მყარი ნარჩენების გადამუშავება).
დოკუმენტის თანახმადვე, 10 და მეტი წლოვანების ავტომონილების უმრავლესობა ტექნიკურად გაუმართავია და მათში, სავარაუდოდ, ან არ არსებობს, ან მწყობრიდანაა გამოსული კატალიზური გარდამქმნელი, რომელიც ხელს უწყობს შიდა წვის პროცესის დასრულებას და გამონაბოლქვი აირების ტოქსიკურობის შემცირებას.