აუდიტის სამსახური - 112-ის საჯარიმო ავტოსადგომზე მანქანების ნაწილი წლობით დგას
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საჯარო სამართლის იურიდიული პირი 112-ის შემოსავლების ფორმირებისა და განკარგვის შესაბამისობის აუდიტი გამოაქვეყნა. დოკუმენტის ერთ-ერთი ნაწილი 112-ის საჯარიმო ავტოსადგომების საკითხს შეეხება.
აუდიტის სამსახურის ცნობით, 112 საკუთარი შემოსავლების 14 პროცენტს სწორედ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა ევაკუატორით უზრუნველყოფის, აგრეთვე სპეციალური საჯარიმო სადგომების მომსახურებიდან იღებს.
დოკუმენტის მიხედვით, საჯარიმო ავტოსადგომებზე ავტომანქანების რაოდენობა მზარდია და მესაკუთრეები შესაბამის საჯარიმო გადასახადს არ იხდიან. ამის გამო კი, 112-ს დამატებითი საიჯარო ხარჯი აქვს.
„112-ის საჯარიმო ავტოსადგომზე 2018 წლის 22 თებერვლის მდგომარეობით სულ 832 ავტომობილი ირიცხებოდა, რომელთა საჯარიმო გადასახდელი თანხა 1 118 045 ლარს შეადგენდა. აქედან, 428 ავტომანქანა საჯარიმო ავტოსადგომზე ირიცხება 2014-2016 წლებიდან. ავტოსადგომზე არსებული მანქანების რაოდენობა მზარდია და არსებულ პირობებში ვერ ხდება მანქანების ეფექტიანი გადინება ავტოსადგომებიდან. მესაკუთრეები არ იხდიან საფასურს, ხოლო სსიპ-ისთვის ავტომანქანების რეალიზაციის უფლების მინიჭების სასამართლო პროცესები დიდ დროს მოითხოვს. შესაბამისად, 112 კარგავს და დროულად ვერ იღებს შემოსავლებს. ავტომანქანების არაეფექტიანი გადინების პრობლემის გამო, 112-მა დამატებით იჯარით აიღო ავტოსადგომი, რომელშიც 2016-2018 წლებში გახარჯა 290 635 ლარი. საჯარიმო სადგომზე განთავსებული მზარდი რაოდენობის ავტომანქანების პირობებში, მას კვლავ დაუდგება გარკვეული ფართობის იჯარით აღების საჭიროება. შესაბამისად, გაეზრდება ხარჯი, რომელიც საბოლოოდ გადააჭარბებს სადგომის მომსახურებიდან მისაღებ შემოსავლებს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ეფექტიანი მექანიზმების შემუშავება იმ მიზნით, რომ შემცირდეს სადგომზე არსებული ავტომანქანების რაოდენობა და გაიზარდოს 112-ის შემოსავლები“, – აღნიშნულია აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.
აუდიტის სამსახური 112-ს ურჩევს, შეიმუშაოს ეფექტიანი მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს ავტოსადგომებზე წლების მანძილზე მდგომი ავტომანქანების გადინებას. მათ შორის, გააქტიურდეს კომუნიკაცია მანქანების მესაკუთრეებთან და შემცირდეს მომსახურების საფასური.
მსუბუქ ავტომობილზე პირველი ხუთი დღის განმავლობაში ავტოსადგომზე დგომის ღირებულება შეადგენს რვა ლარს შეადგენს, ყოველი მომდევნო დღის საფასური კი, ოთხი ლარია.