აუდიტი - ბათუმში 2017 წელს მოწყობილი საბავშვო ატრაქციონების დიდი ნაწილი დაზიანებულია
აუდიტი - ბათუმში 2017 წელს მოწყობილი საბავშვო ატრაქციონების დიდი ნაწილი დაზიანებულია

სახელმწიფო აუდიტის სამსახური ბათუმის ტერიტორიაზე საბავშვო ატრაქციონების მოწყობის პროცესში გამოვლენილ ხარვეზებზე საუბრობს.

სამსახურმა ა(ა)იპ „ბათუმის კორპუსის“ მიერ 2017 წელს განხორციელებული შესყიდვა შეისწავლა, რომელზეც 656 600 ლარი დაიხარჯა. ტენდერი 123 ცალი ატრაქციონისა და 4 264 კვ.მ კაუჩუკის (რეზინის) მოედნის მოწყობა/მონტაჟს ითვალისწინებდა.

აუდიტის სამსახურის ცნობით, ცალკეულმა სატენდერო პირობებმა პოტენციური მიმწოდებლების უკმაყოფილება და კონკურენციის შეზღუდვა გამოიწვია. საბოლოოდ, ორივე ტენდერში შპს „ექსიმ ჯგუფმა“ გაიმარჯვა.

ანგარიშის მიხედვით, კაუჩუკის მოედნის მოწყობაზე 200 ათასი ლარი მიიმართა, თუმცა მისი შესრულების ხარისხი არადამაკმაყოფილებელია.

აუდიტის პერიოდში ჩატარებული დათვალიერების შედეგად, რიგ შემთხვევებში,  ატრაქციონების დაზიანების ფაქტებიც დაფიქსირდა.

„განსაკუთრებით აღსანიშნავია შშმ პირებისთვის განკუთვნილი ატრაქციონების მდგომარეობა, რომელთაგან უმრავლესობა (6-დან 4) პრაქტიკულად მწყობრიდან გამოსულია“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

ამასთან, საგარანტიო ვადაში (24 თვე) ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებული იყო ხარვეზები გამოესწორებინა, თუმცა „ბათუმის კორპუსს“ შესაბამისი მოთხოვნა არ დაუფიქსირებია. აუდიტის სამსახურში ვარაუდობენ, რომ შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მიერ დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვანმა შესრულებამ შესაძლოა, ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების ხარჯვა განაპირობოს.