ათწლიანი მკურნალობის შემდეგ, აივ-ინფექციისგან კიდევ ერთი პაციენტი განიკურნა — #1tvმეცნიერება
ღეროვანი უჯრედების გადანერგვით საკმაოდ სარისკო მკურნალობიდან თითქმის ცხრა წლის შემდეგ, შუახნის მამაკაცს ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის (აივ) ყველა ნიშანი გაუქრა.
ე. წ. დუსელდორფელ პაციენტს აივ-ინფექციის დიაგნოზი 2008 წელს დაუსვეს, ანტირეტროვირუსული მკურნალობის კურსი კი 2010 წელს დაიწყო. მომდევნო წელს მას ლეიკემიის, ანუ ძვლის ტვინის სისხლის თეთრი უჯრედების კიბოს დიაგნოზო დაუსვეს.
მამაკაცის დაავადებათა სერიოზული კომბინაციიდან გამომდინარე, ექიმებმა სახიფათო გზით წასვლა გადაწყვიტეს.
2013 წელს პაციენტს ღეროვანი უჯრედების გადანერგვის პროცედურა ჩაუტარეს — ღეროვანი უჯრედები დონორის ძვლის ტვინის ან სისხლიდან აიღეს და ამ ნიმუშებით ავადმყოფი პაციენტის სისხლის თეთრი უჯრედები ჩაანაცვლეს.
ამ შემთხვევაში, დონორი იმ კრიტერიუმით შეარჩიეს, რომ ჰქონდა ისეთი გენეტიკური მუტაცია, რომელიც მას აივ-ინფექციისადმი რეზისტენტულს ხდიდა. მთავარი მიზანი გახლდათ პაციენტის ლეიკემიისგან განკურნება და ამავე დროს, მისთვის აივ-ისადმი გენეტიკაზე დაფუძნებული რეზისტენტულობის მინიჭება.
ამ მკურნალობიდან ცხრა წლის და ანტივირუსული მედიკამენტების გამოყენების შეწყვეტიდან ოთხი წლის შემდეგ, მკვლევრები იუწყებიან, რომ პაციენტის სხეულში აღარ არის ფუნქციური, გამრავლების უნარის მქონე აივ-ვირუსის ნაწილაკთა ნიშნები, ანუ, ის ვირუსისგან თავისუფალია.
დუსელდორფელი პაციენტი მეხუთეა, რომელმაც ღეროვანი უჯრედების გადანერგვის ამ სახის მკურნალობა ჩაიტარა.
დანარჩენ პაციენტებს შორის არიან „იმედის ქალაქი“, „ლონდონელი პაციენტი“, „ნიუ-იორკელი პაციენტი“ და „ბერლინელი პაციენტი“.
სიტყვა „განკურნება“ შეგვიძლია ბრჭყალებში ჩავსვათ, რადგან თან ახლავს გარკვეულწილად სერიოზული გაფრთხილებები.
აივ-ი სამკურნალოდ ერთ-ერთი ყველაზე მოუხელთებელი ვირუსია. შეუძლია, ორგანიზმში იყოს ლატენტურად, თავი აარიდოს იმუნურ სისტემასა და თანამედროვე მედიკამენტებს.
ღეროვანი უჯრედებით კიბოს მკურნალობა, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ, საოცარი რამ არის, რადგან შეუძლია, იმუნური უჯრედები არსებული ვირუსისადმი რეზისტენტული გახადოს.
თუმცა, ამავე დროს, ის პოტენციურად ფატალურიც შეიძლება იყოს და ყოველთვის არ მუშაობს, ლეიკემიის წინააღმდეგაც კი. ამჟამად ეს მეთოდი მხოლოდ უკიდურეს საშუალებად გამოიყენება, უკიდურეს შემთხვევებში.
ამგვარად, მკვლევრები წერენ, რომ ამ მოწინავე ინტერვენციის შედეგად განკურნებული ზოგიერთი პაციენტის მაგალითმა უნდა მოგვცეს სამომავლო სტრატეგიები აივ-ინფექციისგან გრძელვადიანი განკურნების მისაღწევად.
აღსანიშნავია ისიც, რომ რამდენიმე სხვა პაციენტი აივ-ისგან ღეროვანი უჯრედებით მკურნალობის გარეშე განიკურნა.
ამ პაციენტებმა ანტირეტროვირუსული მედიკამენტების მიღება შეწყვიტეს და ორგანიზმში ვირუსის ან ძალიან დაბალი მაჩვენებლით უფიქსირდებათ, ან საერთოდ აღარ.
მიზეზი უცნობია, მაგრამ კლინიკურმა ცდებმა განკურნების რამდენიმე შესაძლო გზა გამოავლინა.
მაგალითად, 2022 წელს გაარკვიეს, რომ კიბოს ერთი ჩვეულებრივი წამალი აივ-ის ფარულ ვირუსს სააშკარაოზე გამოსვლას აიძულებს.
ამ პრეპარატმა პაციენტებში აივ-ვირუსი ვერ მოსპო, მაგრამ მისი წარმატება მიუთითებს, რომ არსებობს გზები, რომლითაც შესაძლებელია იმუნური სისტემის ისე წახალისება, რომ ის ამ ვირუსს გაუმკლავდეს.
დუსელდორფელი პაციენტის მსგავსი ისტორიები მეცნიერებს მომავლის იმედს აძლევს. აშკარაა, რომ აივ-ინფექციის ამოძირკვა შესაძლებელია, მაგრამ ამისათვის უბრალოდ საჭიროა გავარკვიოთ, როგორ შევძლოთ, რომ მკურნალობამ ყველა პაციენტში იმუშაოს.
კვლევა Nature Medicine-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.