ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორი აცხადებს, რომ ზაპოროჟიეს ატომური სადგურისთვის დამცავი ზონის შექმნაზე პროგრესი მიღწეულია
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი რაფაელ გროსი უკრაინასა და რუსეთში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ აცხადებს, რომ ზაპოროჟიეს ბირთვული სადგურისთვის დამცავი ზონის შექმნასთან დაკავშირებით პროგრესია მიღწეული. ამის შესახებ რაფაელ გროსი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
„ჩავედი პოლონეთში ღამის მატარებლით უკრაინიდან, რუსეთთან და უკრაინასთან კონსულტაციების ინტენსიური კვირის შემდეგ. ვუახლოვდებით ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგურისთვის დამცავი ზონის შექმნას – სიტუაცია სადგურზე მიუღებელია და ჩვენ გვჭირდება დაუყოვნებლივი ქმედებები მის დასაცავად“, – წერს რაფაელ გროსი.
გასული დღეების განმავლობაში რაფაელ გროსიმ მოლაპარაკებები გამართა კიევსა და მოსკოვში.
რუსეთის ძალებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მარტის დასაწყისში დაიკავეს. ვითარება სადგურის ტერიტორიაზე აგვისტოს დასაწყისიდან გამწვავდა. მხარეები ერთმანეთს ზაპოროჟიეს ატომური სადგურისთვის ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ.