უკრაინა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მმართველთა საბჭოს ერთ-ერთ წევრად აირჩიეს
უკრაინა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მმართველთა საბჭოს ერთ-ერთ წევრად აირჩიეს

უკრაინა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მმართველთა საბჭოს ერთ-ერთ წევრად აირჩიეს, – ამის შესახებ სააგენტოს განცხადებაშია აღნიშნული.

სააგენტოს ცნობით, 35-წევრიანი საბჭოს ახლად არჩეული წევრები არიან უკრაინა, ესპანეთი, ალჟირი, სომხეთი, ბანგლადეში, ბურკინა ფასო, ეკვადორი, ინდონეზია, სამხრეთ კორეა, ნიდერლანდები და პარაგვაი.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მმართველთა საბჭოში უკრაინის არჩევის ფაქტს პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს პოზიცია კიევს მისცემს რეალურ შესაძლებლობებს, გავლენა მოახდინოს გადაწყვეტილებებზე, რომლებიც სავალდებულოა სააგენტოს ყველა წევრისა და მთელი საერთაშორისო საზოგადოებისთვის.

მისი თქმით, უკრაინა იმუშავებს 10-პუნქტიანი სამშვიდობო ფორმულის პირველი პუნქტის განხორციელებაზე, რომელიც ეხება „ბირთვულ და რადიაციულ უსაფრთხოებას“ და რომ კიევი ორიენტირებულია ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რუსული ძალებისგან სრული გათავისუფლების უზრუნველყოფაზე.