ატმოსფეროში ნახშირორჟანგის დონე ახლა ისეთივე მაღალია, როგორიც ბოლოს ოთხი მილიონი წლის წინ იყო — #1tvმეცნიერება
ატმოსფეროში ნახშირბადის დიოქსიდის კონცენტრაცია მაისში იმაზე 50 პროცენტით მაღალი იყო, ვიდრე ინდუსტრიამდელ ხანაში. მიაღწია ისეთ დონეს, რომელიც დედამიწაზე დაახლოებით 4 მილიონი წელიწადია არ ყოფილა; ამის შესახებ აშშ-ის კლიმატის სააგენტო იუწყება.
ოკეანისა და ატმოსფეროს (NOAA), ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებით, ამის მიზეზია ადამიანების მიერ გამოწვეული გლობალური დათბობა, რასაც იწვევს ძირითადად ელექტროენერგიის წარმოება წიაღისეული საწვავით, ტრანსპორტი, ცემენტის წარმოება, ხე-ტყის ჩეხვა.
როგორც წესი, მაისი ის თვეა, როდესაც ჰაერში ნახშირორჟანგის დონე წელიწადში ყველაზე მაღალია.
2022 წლის მაისში, გადაილახა 420 ნაწილაკი მილიონზე (ppm) ზღვარი — საზომი ერთეული, რომელსაც ატმოსფეროს დაბინძურების საზომად იყენებენ.
2021 წლის მაისში მაჩვენებელი 410 ppm იყო, 2020 წელს კი 417 ppm.
გაზომვები აღებულია ჰავაის მაუნა-ლოას ობსერვატორიაში, რომელიც იდეალურად მდებარეობს მაღალ ვულკანზე და ეს მას ადგილობრივი შესაძლო დაბინძურებისგან თავის არიდების საშუალებას აძლევს.
სამრეწველო რევოლუციამდე, CO2-ის დონე ატმოსფეროში უცვლელად დაახლოებით 280 ppm იყო; NOAA-ს ცნობით, ეს დონე ინდუსტრიალიზაციამდელი ადამიანის ცივილიზაციამ დაახლოებით 6000 წლის განმავლობაში შეინარჩუნა.
სააგენტოს განცხადებით, დონე ახლა იგივეა, რაც 4,1 – 4,5 მილიონი წლის წინ უნდა ყოფილიყო, როდესაც CO2-ის დონე 400 ppm-სთან ახლოს ან მის ზემოთ იყო.
ამას გარდა, კვლევების მიხედვით, მაშინ ზღვის დონე ახლანდელზე 5-25 მეტრით მაღალი იყო, რაც საკმარისია მრავალი დღევანდელი დიდი ქალაქის წყალქვეშ მოსაქცევად. არქტიკის ნაწილს დიდი ტყეებიც ფარავდა.
ნახშირორჟანგი (CO2) სათბურის აირია, რომელიც სითბოს ამწყვდევს და იწვევს თანდათანობით დათბობას. ატმოსფეროსა და ოკეანეებში ის ათასობით წლის განმავლობაში რჩება.
როგორც NOAA აღნიშნავს, მისი დათბობის ეფექტი უკვე იწვევს დრამატულ შედეგებს, მათ შორის, სითბური ტალღების, გვალვების, ხანძრების, წყალდიდობების გახშირებას.
„ნახშირბადის დიოქსიდის დონე ახლა ისეთია, როგორიც ჩვენს სახეობას აქამდე არასოდეს გამოუცდია. უკვე ნახევარი საუკუნეა ასეა და ვერაფერი გავაკეთეთ ამის აღმოსაფხვრელად. რა უნდა მოხდეს, რომ გამოვფხიზლდეთ?“, — ამბობს გლობალური მონიტორინგის ლაბორატორიის მეცნიერი პიტერ ტანსი.
მომზადებულია noaa.gov-ის მიხედვით.