საბერძნეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ათენთან ახლოს ტყის ხანძრების ლიკვიდაციაში სამხედროები ჩაერთნენ. როგორც ბრიტანული „გარდიანი“ წერს, საბერძნეთის სახანძრო სამსახურში მათ დაუდასტურეს, რომ საბერძნეთის დედაქალაქის სიახლოვეს მდებარე დასახლება პენტელში ცეცხლის ჩაქრობაში 88 ჯარისკაცია ჩართული.
„ბიბისის“ ცნობით, ნეა პენტელში ცეცხლი სკოლის შენობას მოედო. ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ ხანძრის ჩასაქრობად მობილიზებული მეხანძრეებისა და ტექნიკის რაოდენობა სტიქიასთან საბრძოლველად საკმარისი არ არის.
ხანძარი ათენის გარშემო არსებულ კიდევ რამდენიმე დასახლებაშიც მძვინვარებს. შედეგად, დამწვარია რამდენიმე სახლი. ევაკუირებულია ათასობით მოქალაქე. საფრთხის შემცველი ტერიტორიებიდან მოსახლეობის გაყვანის პროცესი გრძელდება.
როგორც „ესოშიეთედ პრესი“ წერს, ათენის სიახლოვეს, ტყეში გაჩენილი ცეცხლის გამო საბერძნეთის დედაქალაქის რამდენიმე რაიონს ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდებოდა.
ხანძრების გამო შექმნილი რთული სიტუაციის გამო საბერძნეთმა დახმარებისთვის ოფიციალურად მიმართა ხორვატიას და ესპანეთს.
ცნობისთვის, საბერძნეთში ტყის ხანძარი 11 აგვისტოს გაჩნდა. სტიქიასთან ბრძოლას გვალვა, ძლიერი ქარი და რელიეფი ართულებს.