ათენის შემოგარენში ტყის ხანძრის გამო სოფლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია ხორციელდება
ათენის შემოგარენში ტყის ხანძრის გამო სოფლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია ხორციელდება.
ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს.
ჰაერის მაღალი ტემპერატურისა და ძლიერი ქარის გამო, ხანძარი საპორტო ქალაქ ლავრიოს მახლობლად გაჩნდა, რომელიც საბერძნეთის დედაქალაქიდან 60 კილომეტრის მანძლითაა დაშორებული.
ხანძრის ერთი კერა გაჩნდა ათენის ჩრდილოეთით მდებარე სოფელ ვილიასთანაც, სადაც საზაფხულო ბანაკია მოწყობილი. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მახლობელი სოფლებიდან მცხოვრებლების ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო.
ადგილზე 70-ზე მეტი მეხანძრე, 6 სახანძრო თვითმფრინავი და 4 ვერტმფრენია მობილიზებული.
გასული კვირების განმავლობაში საბერძნეთში ხანძრის 500-ზე მეტ კერას ებრძოდნენ. კუნძულ ევიასა და ატიკის რაიონში გაჩენილმა ტყის ხანძრებმა 70 ათასზე მეტი ჰექტარი ფართობი გაანადგურა. ათასობით ადამიანს საკუთარი სახლების მიტოვება მოუწია. ქვეყნის მთავრობამ განადგურებული ტყეების აღდგენისთვის სპეციალური გეგმა შეიმუშავა, ხოლო მოსახლეობის დასახმარებლად ბიუჯეტიდან 500 მილიონი ევროს ოდენობის თანხა გამოყო.