ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის (ESO) მიერ გამოქვეყნებულ ახალ ფოტოზე იუპიტერი ასახულია ისეთი, როგორიც არასოდეს გვინახავს — ჩილეს ატაკამის უდაბნოს თავზე მოკაშკაშე პლანეტა, რომელსაც სარტყელივით აკრავს სინათლის ჰალო.
ჰალო ოპტიკური ფენომენია, რომელსაც კორონასაც უწოდებენ. ის ალბათ უკვე გინახავთ მთვარის, ან იქნებ მზის გარშემოც, მაგრამ იშვიათად ვხედავთ პლანეტების ირგვლივ.
ეს ფენომენი ჩნდება მაშინ, როდესაც მოკაშკაშე ობიექტის სინათლე დედამიწის ატმოსფეროში შემოდის. თუ ამ დროს იქ, სინათლეს გზად შეხვდა ყინულის ციცქნა კრისტალები ან წყლის წვეთები, მათში გავლისას ხდება ამ სინათლის გარდატეხა და შედეგად, წარმოიქმნება ჰალო.
თუმცა, ჰალო არ უნდა აგვერიოს სხვა სახის კორონებში. ალბათ გსმენიათ მზის კორონას (გვირგვინის) შესახებ. ის მზის გარშემო არსებული პლაზმის კორონაა, რომელიც ყველაზე უკეთ მზის სრული დაბნელებისას ჩანს. ვრცელდება მზისგან ყველა მიმართულებით, მილიონობით კილომეტრის მანძილზე.
კორონა ყველა ვარსკვლავს აქვს, მაგრამ მზის შემთხვევაში ის ყველაზე უკეთ არის შესწავლილი და ბევრ რამეს გვეუბნება მზის მაგნიტური ველის დინამიკის, მზის ქარისა და მზის ზედაპირის აქტივობათა შესახებ.
კორონა პლანეტებსაც შეიძლება ჰქონდეს. თუმცა, ვარსკვლავური გვირგვინებისგან განსხვავებით, ისინი პლაზმისგან არ შედგება და წარმოადგენს პლანეტის ატმოსფეროს ზედა ნაწილს, რომელსაც ეგზოსფეროსაც უწოდებენ, სადაც ნეიტრალურ ნაწილაკთა სიმკვრივე უკიდურესად დაბალია.
დედამიწის შემთხვევაში, მას გეოკორონას უწოდებენ და ის სუსტ ულტრაიისფერში კაშკაშებს, რადგან ნეიტრალური წყალბადის ატომები მზის სხივებს მიმოფანტავს. მარსის კორონაში წყალბადი, ჟანგბადი და ნახშირბადია წარმოდგენილი.
იუპიტერის კორონა წყალბადისგან შედგება. მისი დანახვა დედამიწიდან ოპტიკურ ტალღის სიგრძეში გადაღებულ ფოტოებში შეუძლებელია.
და ბოლოს, ასევე არსებობს გეოლოგიური კორონები. წარმოადგენს წრიულ ან ოვალური ფორმის მახასიათებლებს პლანეტის ზედაპირის ქანებში; სწორედ ასეთია ფოლტა-კორონა ვენერაზე. გამომდინარე იქიდან, რომ იუპიტერს მყარი ზედაპირი არ აქვს, მას არც ამ სახის კორონა გააჩნია.
იუპიტერის ოპტიკური ჰალოს სრული ზომის ფოტოს ჩამოტვირთვა შეგიძლიათ ამ ბმულიდან.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.