მზის სისტემა უკვე საკმაოდ ხნიერია. 2017 წელს, როდესაც ოუმუამუა დააფიქსირეს, ასტრონომები თითქმის დარწმუნებით აცხადებდნენ, რომ ეს ობიექტი ერთადერთი ვარსკვლავთშორისი ვიზიტორი არ უნდა იყოს, რომელიც მზის სისტემას მთელი 4,57 მილიარდი წლის განმავლობაში ესტუმრა. მოგვიანებით გამოჩნდა კიდევ ერთი ასეთი სტუმარი — კომეტა 2I/ბორისოვიც.
თუმცა, საინტერესოა, სად არიან დანარჩენი ვარსკვლავთშორისი ვიზიტორები? დიდი ალბათობით, მათ უახლოეს წლებში აღმოვაჩენთ. ახალი კვლევის მიხედვით კი, უკვე დიდი ხანია, მზის სისტემაში თავისუფლად „დანავარდობს“ საკმაოდ ბევრი ვარსკვლავთშორისი ასტეროიდი.
მზის გარშემო მათი მოძრაობის ხასიათზე დაყრდნობით, მკვლევართა ჯგუფმა გამოავლინა 19 ასტეროიდი, რომლებიც მათი აზრით, მზემ სხვა ვარსკვლავისგან ჩაიჭირა მაშინ, როდესაც მზის სისტემა ჯერ სულ რამდენიმე მილიონი წლის იყო.
ასტრონომთა აზრით, მზე მაშინ ვარსკვლავური ინკუბატორის წევრი იყო, ანუ შედიოდა გაზისა და მტვრის ერთი და იგივე ღრუბლისგან დაბადებულ ვარსკვლავთა გროვაში.
„ვარსკვლავების ერთმანეთთან ასეთი სიახლოვე ნიშნავს იმას, რომ ისინი ერთმანეთის გრავიტაციას მაშინ გაცილებით ძლიერად გრძნობდნენ, ვიდრე ახლა. შედეგად, ასტეროიდებს ერთი ვარსკვლავური სისტემიდან მეორეში გადასვლის საშუალებაც ჰქონდათ“, — განმარტავს საფრანგეთის კოტ-დ’აზურის ობსერვატორიის ასტრონომი და კოსმოლოგი ფათი ნამუნი.
ფათიმ და მისმა კოლეგამ, სან-პაულუს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასტრონომმა ელენა მორაიშმა 2018 წელს მზის სისტემაში პირველი ვარსკვლავთშორისი პერმანენტული რეზიდენტი აღმოაჩინეს. ამ დროს ისინი აკვირდებოდნენ კენტავრების სახელით ცნობილ ასტეროიდთა ჯგუფს, რომელიც იუპიტერსა და ნეპტუნს შორის არის განთავსებული და მის წევრებს ხშირად აქვთ საკმაოდ უცნაური ორბიტები.
ერთ ასტეროიდს, სახელად 2015 BZ509, რომელსაც მოგვიანებით კაეპაოკააველა უწოდეს, ჯგუფში ყველაზე უცნაური ორბიტა ჰქონდა, ზუსტად ისეთი, როგორც იუპიტერს, მაგრამ საპირისპირო მიმართულების, ანუ რეტროგრადული. ის რომ ადგილობრივი იყოს, უნდა მოძრაობდეს სხვების მსგავსი მიმართულებით. გამომდინარე აქედან, მისი წარმოშობის გასარკვევად, მკვლევართა ჯგუფმა სიმულაციები ჩაატარა.
დადგინდა, რომ დიდი ალბათბოთ, კაეპაოკააველას წარმოშობის ადგილი ვარსკვლავთშორისი სივრცეა და მზის სისტემამ ის 4,5 მილიარდი წლის წინ დაიჭირა.
ახალი კვლევის ფარგლებში, ჯგუფმა შეისწავლა კენტავრები და ნეპტუნსგადაღმა ობიექტები, რომლებსაც საკმაოდ მაღალი ორბიტული დახრილობა აქვთ პლანეტების ორბიტულ სიბრტყესთან მიმართებაში. კაეპაოკააველას მსგავსად, ზოგიერთ მათგანსაც რეტროგრადული ორბიტა აქვს.
„კენტავრების ორბიტები ზომიერი და ძლიერი ექსცენტრიულობით გამოირჩევა. მზის სისტემის უცვლელ სიბრტყესთან მიმართებაში, მათი დახრილობები მერყეობს რამდენიმე გრადუსიდან 180 გრადუსამდე, რაც რეტროგრადულ მოძრაობას განაპირობებს“, — წერია კვლევაში.
მკვლევართა განცხადებით, მათი ობრიტული მახასიათებლები ხშირად მიჩნეულია მზის სისტემაში მათი სასტიკი წარსულის ნიშნად, რითაც მართლდება მათი არასტაბიულურობა. მათივე თქმით, თუ კენტავრების რომელიმე ასტეროიდის ორბიტა დროში წინ ან უკან არის ინტეგრირებული, ის გარდაუვლად შეეჯახება მზეს, პლანეტებს ან საერთოდ ამოვარდება მზის სისტემიდან.
კვლევა მოიცავდა 17 კენტავრს, რომელთა ორბიტული დახრილობაც 60 გრადუსზე მეტია; ასევე შეისწავლეს ნეპტუნსგადაღმა მოძრავი ორი ობიექტი. ამ ობიექტთა ცნობილი ორბიტების გამოყენებით, შექმნეს თითოეული მათგანის მრავალი კლონი, რათა მოეხდინათ ამ ორბიტების წარსულის სიმულაცია, 4,5 მილიარდი წლის წინანდელიდან დღემდე.
იმ დროისათვის, მზის სისტემაში მატერია წარმოდგენილი იყო მზის გარშემო მოძრავ მეტნაკლებად ბრტყელ დისკოში იყო, რაც ახალგაზრდა ვარსკვლავის აკრეციული დისკოს ნარჩენებს წარმოადგენდა. მთელ ამ მასას უნდა ემოძრავა ერთნაირ სიბრტყეში, ერთი მიმართულებით.
თუმცა, ჯგუფის მიერ ჩატარებული სიმულაციების მიხედვით, ეს 19 ასტეროიდი ამ აკურატული დისკოს ნაწილი არ იყო. კლონების უმეტესობა საბოლოოდ მართლაც მზეში ჩავარდა ამ მზის სისტემიდან გაიტყორცნა; რამდენიმე პლანეტას დაეცა, რამდენიმემ კი სტაბილური ორბიტა შეინარჩუნა; თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ისინი დღესაც აქ არიან, მათ ამ ყველაფრისთვის უნდა გაეძლოთ.
იმ ობიექტებმა, რომლებმაც ორბიტის სტაბილურობას მიაღწიეს, მზის სისტემის დისკოს წესებს არ მიჰყვნენ. ისინი არა მხოლოდ დისკოს განაპირა ნაწილში განთავსდნენ, არამედ მის მიმართ პერპენდიკულარული ორბიტაც შეინარჩუნეს.
მკვლევართა განცხადებით, ეს იმას ნიშნავს, რომ იმის ალბათობა, რომ მზის გრავიტაციამ ასტეროიდები მზის სისტემის გარეთ დაიჭირა, იმაზე მაღალია, ვიდრე იმის ალბათობა, რომ ისინი აქ დაიბადნენ, მზის დაბადების შემდეგ დარჩენილი ნარჩენებისგან.
ჯგუფის აღმოჩენას ალბათ უფრო მეტ სიმტკიცეს შესძენს სამომავლო კვლევები; გამოვლინდება კიდევ უფრო მეტი ვარსკვლავთშორისი სტუმარი, რა თავის მხრივ, მეტს ცნობას მოგვაწვდის მზის სისტემისა და სხვა პლანეტური სისტემების ფორმაციის შესახებ.
კვლევა ჟურნალ Monthly Notices of the Royal Astronomical Society-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.