მიჩნეულია, რომ სადღაც შორს, ჩვენს მზეს ტყუპისცალი ჰყავს — თითქმის იდენტური ვარსკვლავი, რომელიც დაიბადა იმავე ინკუბატორში, სადაც მზე და შედგება იმავე ვარსკვლავური მასალისგან.
მისი სახელია HD 186302 და მდებარეობს ჩვენგან 184 სინათლის წლის მანძილზე. ასტრონომები თითქმის დარწმუნებული არიან, რომ სწორედ ის არის ჩვენი დედავარსკვლავის დიდი ხნის წინ დაკარგული „დედმამიშვილი“.
ვარსკვლავთა უმეტესობა ჯგუფებად იბადება, ზოგჯერ ათასობით, რასაც ვარსკვლავურ ინკუბატორებს უწოდებენ — ეს გახლავთ მტვრისა და გაზის წარმოუდგენლად დიდი ღრუბელი, რომელიც თანდათან ჯგუფდება და საკუთარი წონით კოლაფსირდება. შედეგად, იბადებიან ახალი ვარსკვლავები. მიჩნეულია, რომ მზეც სწორედ ასე დაიბადა დაახლოებით 4,57 მილიარდი წლის წინ.
თანდათანობით, ვარსკვლავები ამ ინკუბატორს შორდებიან და გალაქტიკაში საკუთარ გზას აგრძელებენ. თუმცა, მათი უმეტესობა ინარჩუნებს სულ მცირე ერთ კომპანიონს. მკვლევართა შეფასებით, ვარსკვლავების 85 პროცენტი თავიდან ბინარული (ორმაგი) წყვილი უნდა ყოფილიყო , ანდაც სამმაგი ან ოთხმაგი სისტემები. გარდა ამისა, ორმაგი წყვილებია მზის მსგავს ვარსკვლავთა 50 პროცენტი.
ჩვენი მზე ეული ვარსკვლავია მთელი თავისი დიდებულებით, რაც მას გარკვეულ განსაკუთრებულობას სძენს. თუმცა არსებობს მტკიცებულება, რომელიც გვაფიქრებინებს, რომ ერთ დროს მასაც ჰყავდა ბინარული ტყუპისცალი. როგორც ბოლო კვლევები მიუთითებს, ვარსკვლავთა უმეტესობა, თუ არა ყველა მათგანი, ბინარულ ტყუპისცალთან ერთად იბადება.
გამომდინარე აქედან, რომ არა გარკვეული კოსმოსური მოვლენა, დედამიწას ორი მზე ეყოლებოდა. თუმცა, ეს ასე არ არის. შესაბამისად, მზის ტყუპისცალი სადღაც, გალაქტიკაში უნდა დაეხეტებოდეს.
ასტრონომებმა დანამდვილებით იციან, რომ მზის „დედმამიშვილი“ ნამდვილად არსებობს, მაგრამ მისი მოძებნა ურთულესია, რადგან ირმის ნახტომში აურაცხელი ვარსკვლავია. მზის ტყუპებიც, ვარსკვლავთა უმეტესობის მსგავსად, დიდ მანძილზე უნდა იყვნენ მიმოფანტული.
ამ დრომდე ასტრონომებმა მოახერხეს მზის ტყუპისცალობის კანდიდატი რამდენიმე ვარსკვლავის იდენტიფიცირება. პორტუგალიის ასტროფიზიკისა და კოსმოსურ მეცნიერებათა ინსტიტუტის მკვლევართა ჯგუფმა მათზე ნადირობა უკეთესი ხელსაწყოებით დაიწყო. ამ საქმეში მათ დიდად დაეხმარა ევროპის კოსმოსური სააგენტოს ხომალდ „გაიას“ მიერ შეგროვებული მონაცემები.
შედეგად, იპოვეს HD186302, რომელიც მათი თქმით, არა მხოლოდ ტყუპისცალია, არამედ ფრიად განსაკუთრებულიც. ეს ვარსკვლავი წარმოუდგენლად ჰგავს ჩვენს მზეს.
ის G-ტიპის მთავარი მიმდევრობის ვარსკვლავია, მზეზე სულ ოდნავ დიდი, აქვს დაახლოებით იგივე ზედაპირის ტემპერატურა და სიკაშკაშე, რაც ჩვენს მზეს. გარდა ამისა, აქვს უკიდურესად მსგავსი ქიმიური შემადგენლობა და თითქმის იგივე ასაკი, 4,5 მილიარდი წელი.
ის მზეს გაცილებით უფრო ჰგავს, ვიდრე 2014 წელს აღმოჩენილი კიდევ ერთი კანდიდატი ვარსკვლავი HD162826.
ასტრონომებისთვის ჯერ უცნობია მზის დაბადების ადგილი და შესაბამისად, ნებისმიერი ვარსკვლავური ტყუპისცალის იდენტიფიცირება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია მზის სისტემის ისტორიის უკეთ შესასწავლად.
პორტუგალიის ასტროფიზიკისა და კოსმოსურ მეცნიერებათა ინსტიტუტის მკვლევრის, ვარდან ადიბეკიანის განცხადებით, მზის წარსულის შესახებ ბევრი არაფერი ვიცით და ამ ვარსკვლავთა შესწავლა დაგვეხმარება გავიგოთ, გალაქტიკის რომელ ნაწილში და რა გარემოში დაიბადა ჩვენი დედავარსკვლავი.
საქმე გაცილებით უფრო სერიოზულია. ერთადერთი ადგილი სამყაროში, სადაც გადაჭრით ვიცით, რომ სიცოცხლე აღმოცენდა, არის მზის სისტემა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მზის ზომა, ასაკი, ტემპერატურა, სიკაშკაშე და ქიმიური შემადგენლობა ხელსაყრელია სიცოცხლის ჩვენთვის ცნობილი ფორმისთვის.
გამომდინარე აქედან, შესაძლოა, რომ იგივე თვისებების მქონე, ანუ ტყუპისცალი ვარსკვლავების გარშემო მოძრავ პლანეტებზეც იყოს სიცოცხლე აღმოცენებული.
ამ მხრივ განსაკუთრებით იმედისმომცემი სწორედ მზის ტყუპისცალებია.
კვლევის ავტორის, წარმოშობით სომეხი ვარდან ადიბეკიანის თქმით, ზოგიერთი თეორიული გათვლები მიუთითებს იმის ალბათობას, რომ პლანეტური ნარჩენებით დედამიწის ბომბარდირების პერიოდში, ჩვენი პლანეტიდან სიცოცხლე სხვა პლანეტებზე გავრცელებულიყო.
„თუ გაგვიმართლა, მზის ტყუპისცალს კლდოვანი პლანეტა აღმოაჩნდა და თანაც სასიცოცხლო ზონაში, არ არის გამორიცხული, ერთ დროს ის დედამიწისგან „დაბინძურებულიყო“ სიცოცხლის მარცვლებით. მაშინ ახდება ჩვენი ოცნება და ვიპოვით დედამიწა 2.0-ს, რომელიც მზე 2.0-ის გარშემო მოძრაობს“, — აღნიშნავს ადიბეკიანი.
პორტუგალიის ასტროფიზიკისა და კოსმოსურ მეცნიერებათა ინსტიტუტის მკვლევრები ამჟამად გეგმავენ დაკვირვებათა ახალ სერიას, რათა გაარკვიონ, მოძრაობს თუ არა რაიმე პლანეტა ვარსკვლავ HD186302-ის გარშემო.
კვლევა ჟურნალ Astronomy & Astrophysics-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია iastro.pt-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.