ასტრონომები მზის დიდი ხნის წინ დაკარგულ ტყუპისცალ ვარსკვლავებს ეძებენ
ალბათ ხშირად გვგონია, რომ მზე ფრიად განსაკუთრებული ვარსკვლავია, რადგან დედამიწა სწორედ მასთან მდებარეობს, თანაც შესაშურად კარგ მანძილზე. მაგრამ თუკი უფრო ფართო მასშტაბით შევხედავთ, მზე მხოლოდ ერთი რიგითი ვარსკვლავია, რომელიც გარკვეული ტიპის გროვაში დაიბადა. როგორც წესი, ვარსკვლავები იზოლირებულად, მარტონი თითქმის არ იბადებიან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენი მზის და-ძმა ვარსკვლავები ჯერ კიდევ უნდა იყვნენ სადღაც, ირმის ნახტომის სიღრმეებში მიმოფანტული.
პირველად ისტორიაში, ასტრონომებმა მზის და-ძმების ძებნა დაიწყეს, რისთვისაც მრავალი სხვადასხვა ვარსკვლავის „დნმ“ შეაგროვეს.
რა თქმა უნდა, ვარსკვლავებს ბიოლოგიური დნმ არ აქვთ. იგულისხმება მათი შემადგენელი ქიმიური ელემენტების ოდენობა, მაგალითად, რკინის, ალუმინისა თუ ჟანგბადის.
ავსტრალიის ასტრონომიული ობსერვატორიის უმძლავრესი სპექტროგრაფის, HERMES-ის გამოყენებით, მკვლევრებმა 340 000-ზე მეტი ვარსკვლავის დნმ შეაგროვეს, მათი წარმომავლობის დადგენის მიზნით. ეს ყველაფერი მოხდა პროგრამა GALAH-ის ფარგლებში, რომელიც 2013 წელს დაიწყო.
მკვლევართა განცხადებით, ასე ბევრი ვარსკვლავის შემთხვევაში ამდენი ელემენტის გაზომვის კვლევა არც ერთ სხვა პროგრამას არ ჩაუტარებია. მათი თქმით, ამ მონაცემთა საფუძველზე მოხდება გალაქტიკის თავდაპირველი ვარსკვლავთგროვების აღმოჩენა, მათ შორის, ვიპოვით იმ გროვას, რომელშიც მზე დაიბადა. შესაბამისად, უნდა მივაგნოთ მზის და-ძმებსაც.
კვლევის ძირითადად ფოკუსირებულია გალაქტიკის ვარსკვლავთა ქიმიურ შემადგენლობაზე. მიჩნეულია, რომ ერთ გროვაში დაბადებულ ვარსკვლავებს იდენტური შემადგენლობა უნდა ჰქონდეთ. შესაბამისად, თუკი გავიგებთ, რომელ ვარკსვლავებს აქვთ ჩვენი მზის მსგავსი შემადგენლობა, მეცნიერებს გაუადვილდებათ მისი და-ძმების პოვნა.
სპექტროგრაფის საშუალებით, სხვადასხვა ქიმიური ელემენტები მკვლევრებმა გამოავლინეს თითოეული ვარსკვლავის სინათლის ტალღის სიგრძეთა საფუძველზე. 342 682 ვარსკვლავის მონაცემების დამუშავება უკვე დაწყებულია. ამის შემდეგ, მკვლევრები დააჯგუფებენ მსგავსი შემადგენლობის ვარსკვლავებს. შედეგები თანდათან გამოქვეყნდება.
მომზადებულია Live Science-ის მიხედვით