ასტრონომები გიგანტურ შავ ხვრელთან ძალიან ახლოს მოძრავ მატერიას დეტალურად დააკვირდნენ - პირველად ისტორიაში
ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის (ESO) ძლიერ მგრძნობიარე ინსტრუმენტ GRAVITY-ის გამოყენებით ჩატარებული დაკვირვებების შემდეგ, ასტრონომები კიდევ უფრო დარწმუნდნენ, რომ ჩვენი გალაქტიკის ცენტრში მართლაც იმალება სუპერმასიური შავი ხვრელი. ახალი დაკვირვებების შედეგად, აღმოჩენილია შავი ხვრელის მოვლენათა ჰორიზონტის სიახლოვეს სინათლის სიჩქარის 30%-ით მბრუნავი გაზის გროვები. მეცნიერთა განცხადებით, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ისინი უკან არდაბრუნების წერტილთან ასე ახლოს მბრუნავ მატერიას ასე დეტალურად დააკვირდნენ.
ინსტრუმენტ GRAVITY-სა და ძალიან დიდი ტელესკოპის (VLT) საშუალებით, ასტრონომები დააკვირდნენ ჩვენი გალაქტიკის ცენტრში მდებარე სუპერმასიური ობიექტის, მშვილდოსანი A*-ს აკრეციის დისკოდან მომდინარე ინფრაწითელ რადიაციას. დაკვირვებებმა საბოლოოდ დაადასტურა დიდი ხნის ვარაუდი, რომ ჩვენი გალაქტიკის ცენტრში არსებული ეს ობიექტი მართლაც სუპერმასიური შავი ხვრელია. ეს ჭავლები სათავეს იღებს შავი ხვრელის მოვლენათა ჰორიზონტითან ძალიან ახლოს მოძრავი მატრეიიდან. რაც შეეხება ამ დაკვირვებას, ის ამ დრომდე ყველაზე დეტალური იყო შავი ხვრელთანა ასე ახლოს მოძრავი მატერიის შემთხვევაში.
მშვილდოსანი A*-ს გარშემო მოძრავი მატერიის სარტყლის, ანუ აკრეციის დისკოს მასალათა გარკვეული ნაწილი შავ ხვრელს უსაფრთხოდ უვლის გარშემო, მაგრამ ნებისმიერი მატერია, რომელიც მოვლენათა ჰორიზონტს გადაკვეთს, უთუოდ შთაინთქმება. შავ ხვრელთან უახლოესი წერტილი, სადაც მატერიას ისე მოძრაობს, რომ არ შთაინთქმება წარმოუდგენლად დიდი გრავიტაციის მიერ, შიდა სტაბილური ორბიტის სახელით არის ცნობილი. სწორედ აქ იღებს სათავეს ის ჭავლები, რომლებსაც ასტრონომები დააკვირდნენ.
მკვლევარ ოლივერ პფუჰლის განცხადებით, უკიდურესად ამაღელვებელია იმ მატერიაზე დეტალური დაკვირვება, რომელიც შავი ხვრელის გარშემო სინათლის სიჩქარის 30%-ით ბრუნავს.
ეს დაკვირვებები შესაძლებელი გახადა მხოლოდ საერთაშორისო თანამშრომლობამ და მოწინავე ინსტრუმენტებმა. მათ შორის უმნიშვნელოვანესია ინსტრუმენტი GRAVITY, რომელიც თავს უყრის ESO-ს ოთხი ტელესკოპის სინათლეს და წარმოქმნის 130 მეტრიან ვირტუალურ სუპერტელესკოპს. ეს ინსტრუმენტი განსაკუთრებით გამოსადეგია მშვილდოსანი A*-ს საკვლევად.
2018 წლის დასაწყისში, ამ ინსტრუმენტის გამოყენებით ასტრონომთა იგივე ჯგუფი დააკვირდა S2-ს, რომელმაც ახლოს ჩაუარა მშვილდოსანი A*-ს უკიდურესად ძლიერ გრავიტაციულ ველს. შედეგად, პირველად ისტორიაში, გამოვლინდა ის ეფექტები, რომლებსაც აინშტაინის ზოგადი ფარდობითობა პროგნოზირებს ასეთ ექსტრემალურ გარემოში. ამ ვარსკვლავის ჩავლისას, ჯგუფმა ძლიერი ინფრაწითელი გამოსხივება დააფიქსირა.
ოლივერ პფუჰლის თქმით, ისინი გამუდმებით აკვირდებიან ვარსკვლავ S2-ს და თავად მშვილდოსანი A*-ს. როგორც ის ამბობს, დაკვირვებების დროს მათ გაუმართლათ და შავი ხვრელის გარშემო სამი კაშკაშა ჭავლი შენიშნეს.
შავ ხვრელთან ძალიან ახლოს არსებული მაღალენერგეტიკული ელექტრონების ეს გამოსხივება ხილული იყო სამ ძირითად ჭავლში და ზუსტად ემთხვეოდა იმ თეორიულ პროგნოზებს, რომლებიც ოთხი მილიონი მზის მასის მქონე შავი ხვრელის სიახლოვეს მოძრავი წერტილებისთვისაა შექმნილი. მეცნიერებს სჯერათ, რომ ეს ჭავლები წარმოიქმნება მშვილდოსანი A*-სთან ძალიან ახლოს მოძრავი ძალიან ცხელი გაზების მაგნიტური ურთიერთქმედების შედეგად.
კვლევის ავტორის, რაინარდ გენცელის განცხადებით, ეს პროექტი ყოველთვის საოცნებო იყო და ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ ასე მალე განხორციელდებოდა. მისი თქმით, საბოლოოდ დამტკიცდა დიდი ხნის ვარაუდი, რომ ჩვენი გალაქტიკის ცენტრში გაწოლილი მშვილდოსანი A* მართლაც სუპერმასიური შავი ხვრელია და ნათელი მოეფინა მასიურ შავ ხვრელთა პარადიგმას.
მომზადებულია eso.org-ის მიხედვით.