„ასტრაზენეკას“ ვაქცინით 45 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეებიც აიცრებიან
„ასტრაზენეკას“ ვაქცინაციის პროცესში ასაკობრივი ზღვარი 45 წლამდე შემცირდა, შესაბამისად, „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრა 45 წლის და უფროს მოქალაქეებს შეუძლიათ.
ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„განხილულ იქნა „ასტრაზენეკას“ გამოყენების საკითხი. გასულ კვირას გერმანიამ მიიღო გადაწყვეტილება ასაკობრივი შეზღუდვის მოხსნის შესახებ „ასტრაზენეკაზე“. სხვა ქვეყნები ჯერჯერობით ინარჩუნებენ ამას. თუმცა, რისკების შეფასების და დამატებითი კონსულტაციების შედეგად, საბჭომ მხარი დაუჭირა იმ წინადადებას, რომ „ასტრაზენეკასთვის“ ასაკობრივი ზღვარი შემცირდეს 45 წლამდე. ანუ 55 წლის ნაცვლად, ხვალ, დღის ბოლოდან, 20:00 საათიდან უკვე „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციისთვის რიგის დაჯავშნას 45 წლის და ზემოთ ასაკის მოქალაქეები შეძლებენ.
განსაკუთრებით მაღალი იყო მოთხოვნა სამედიცინო პერსონალის მხრიდან „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში, ასაკის შემცირებაზე. რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ მოსახლეობის ინფორმირებას ყველა შესაძლო გართულების, რისკის შესახებ. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ სავარაუდო გართულებები, რის გამოც სხვადასხვა ქვეყანამ „ასტრაზენეკაზე“ განიხილა ასაკის შეზღუდვა, არის ძალიან იშვიათი და ეს კიდევ უფრო იშვიათია მაღალ ასაკში. თუმცა ექსპერტებმა ჩათვალეს, რომ 45 წლის ასაკში საკმარისად უსაფრთხო იქნება „ასრაზენეკას“ გამოყენება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
დღემდე საქართველოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენება 55 წელს გადაცილებულ პირებში იყო შესაძლებელი.