დაავადებათა კონტროლის ცენტრში კიდევ ერთხელ განმარტავენ, რომ მოქალაქეებს, რომლებსაც დაგეგმილი ჰქონდათ „ასტრაზენაკას“ ვაქცინით აცრები, ვაქცინაციის შესაძლებლობა ახლო მომავალში მიეცემათ
დაავადებათა კონტროლის ცენტრში კიდევ ერთხელ განმარტავენ, რომ მოქალაქეებს, რომლებსაც დაგეგმილი ჰქონდათ „ასტრაზენაკას“ ვაქცინით აცრები, ვაქცინაციის შესაძლებლობა ახლო მომავალში მიეცემათ

„ასტრაზენეკას“ დოზების მოწოდებაზე შექმნილ შეფერხებასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ყველა მოქალაქეს, რომელსაც დაგეგმილი ჰქონდა აცრა „ასტარზენეკას“ ვაქცინით, ვაქცინაციის შესაძლებლობა უახლოეს პერიოდში მიეცემა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მადლობას უხდის მოქალაქეებს „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მიზნით გამოჩენილი აქტიურობისთვის.

„პირველ რიგში, მადლობას ვუცხადებთ ჩვენს მოქალაქეებს „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მიმართულებით გამოჩენილი აქტიურობისთვის. 23 ივნისის მდგომარეობით, ქვეყანაში ჩატარებულია 242 ათასზე მეტი აცრა და სრულად აცრილია 88 000 ადამიანი. საქართველოს მთავრობის ქვეყნებთან ბილატერალური მოლაპარაკებების, ვაქცინის მწარმოებელ კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებისა და „კოვაქს“ პლატფორმასთან არსებული შეთანხმების საფუძველზე, ივლისიდან იგეგმება სამ მილიონზე მეტი ვაქცინის ეტაპობრივად მოწოდება.

სამწუხაროდ, „კოვაქს“ პლატფორმიდან „ასტრაზენეკას“ წარმოების ვაქცინის შეფერხების გამო, ამ ეტაპზე შეჩერებულია აღნიშნული ვაქცინით პირველ დოზაზე აცრა და რევაქცინაცია პირველი აცრიდან 10 კვირამდე პერიოდის მოქალაქეებზე.

„ასტრაზენაკას“ ვაქცინით ყველა პირველი დოზით აცრილს, ვისაც 24 ივნისიდან უსრულდებათ ათი-12 კვირა, შესაძლებლობა აქვთ, გააკეთონ ჯავშანი, მათთვის რეგისტრაცია გახსნილი იქნება შერჩეულ კლინიკებში. ამასთან, მოქალაქეებს, რომელთაც 24 ივნისიდან უსრულდებათ პირველი აცრიდან ათი-12 კვირა და უკვე დარეგისტრირებული არიან რევაქცინაციაზე, აცრა ჩაუტარდებათ მათ მიერ შერჩეულ თარიღსა და ლოკაციაზე. ხოლო თბილისში „ასტრაზენეკაზე“ რეგისტრაცია და აცრები განხორციელდება 30 რიცხვიდან სამ შერჩეულ დაწესებულებაში. ესენია, ცენტრალური რესპუბლიკური საავადმყოფო, ცენტრალური ინფექციური საავადმყოფო და იაშვილის კლინიკა.

ყველა მოქალაქეს, რომელსაც დაგეგმილი ჰქონდა „ასტრაზენაკას“ ვაქცინით აცრები, ახლო მომავალში მიეცემათ აცრის ჩატარების შესაძლებლობა და რაზეც დამატებით რამდენიმე დღის შემდეგ კიდევ შეგატყობინებთ. კიდევ ერთხელ მინდა, ბოდიში მოგიხადოთ უხერხულობისთვის და მადლობა გითხრათ გულისხმიერებისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.