ამირან გამყრელიძე - ინდური შტამის შემთხვევები მოიმატებს, არ გამოვრიცხავთ, რომ ეს შტამი ერთ-ერთი წამყვანი გახდეს ცირკულაციაში
ამირან გამყრელიძე - ინდური შტამის შემთხვევები მოიმატებს, არ გამოვრიცხავთ, რომ ეს შტამი ერთ-ერთი წამყვანი გახდეს ცირკულაციაში

ვფიქრობ, „ასტრაზენეკას“ 43 000 დოზა ვაქცინის მოწოდების დრო უნდა იყოს ივლისის პირველი დეკადა ანუ პირველი ათეული, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ვაქცინების დამატებითი დოზების მისაღებად არაერთ სახელმწიფოსთან აქვთ კომუნიკაცია.

„ასტრაზენეკას“ 43 000 დოზა ვაქცინის მოწოდებასთან დაკავშირებით ახლა თარიღი კიდევ რომ დავასახელო, შესაძლოა, ისევ პრობლემა გახდეს. რამდენჯერმე დასახელდა თარიღი და სამწუხაროდ, შეიცვალა. ვფიქრობ, ვაქცინის მოწოდების დრო უნდა იყოს ივლისის პირველი დეკადა ანუ პირველი ათეული.

გარდა გაერო-ს ბავშთა ფონდისა, ჩვენ პარალელურად ბევრ სახელმწიფოსთან და ორგანიზაციასთან ვმუშაობთ, რათა როგორმე მოვიპოვოთ ან ვისესხოთ, შემოვიტანოთ დამატებითი დოზები. საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად არის ჩართული, ასევე ჯანდაცვის სამინისტრო, რომ დაახლოებით 4 000 ადამიანს, რომლებსაც გაუუქმდათ ჯავშანი, აცრის უფლება დროულად მივცეთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

რაც შეეხება ეგრეთ წოდებული ინდური შტამის გავრცელებას, გამყრელიძე ფიქრობს, რომ შემთხვევები მოიმატებს და შესაძლოა, დასახელებული შტამი ერთ-ერთი წამყვანიც გახდეს ცირკულაციის თვალსაზრისით.

„დელტა შტამი ქვეყანაში მოიმატებს და არ გამოვრიცხავთ, რომ მომავალი ერთი თვის განმავლობაში ეს შტამი გახდეს ერთ-ერთი წამყვანი ცირკულაციაში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.