ასთმის ექსპერიმენტულმა ვაქცინამ თაგვებში დიდი წარმატება აჩვენა, ცდები მალე ადამიანებზეც დაიწყება — #1tvმეცნიერება
ასთმის ექსპერიმენტულმა ვაქცინამ თაგვებში დიდი წარმატება აჩვენა, ცდები მალე ადამიანებზეც დაიწყება — #1tvმეცნიერება

ასთმა მსოფლიოში ასობით მილიონ ადამიანს ტანჯავს, მაგრამ ახალი ექსპერიმენტული ვაქცინა ფილტვების ამ ქრონიკული დაავადების წარმატებით მკურნალობის ახალ იმედს აჩენს. ასთმით მსოფლიოში ყოველწლიურად ასობით ათასი ადამიანი იღუპება.

პროტოტიპული ვაქცინა ჯერ მხოლოდ ცხოველებში გატესტეს, მაგრამ მეცნიერები უკვე გეგმავენ კლინიკური ცდების დაწყებას ადამიანებზე; არსებობს იმედი, რომ ეს მეთოდი უსაფრთხო, იაფი და გრძელვადიანი დაცვა იქნება ალერგიული ასთმის შეტევებისგან.

„იდეა მდგომარეობს სამომავლო პრევენციულ მიდგომაში იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ასთმის მწვავე ფორმების განვითარების რისკის ქვეშ არიან“, — ამბობს მკვლევართა ჯგუფის წევრი, საფრანგეთის ქალაქ ტულუზის ინფექციურ და ანთებით დაავადებათა ინსტიტუტის პულმონოლოგიის მკვლევარი ლორენ გილემინო.

წინა კვლევებმა აჩვენა, რომ დუპილუმაბი, მონოკლონური ანტისხეული, რომელიც დაავადება ეკზემის მკურნალობაში გამოიყენება, ასევე ეფექტიანია მწვავე ასთმის შემთხვევებში სიმპტომების შემსუბუქებისა და ფილტვის ფუნქციების გაუმჯობესების თვალსაზრისით.

ამის მიზეზი ის უნდა იყოს, რომ დუპილუმაბი ბლოკავს ინტერლეიკინ-4-ის (IL-4) და ინტერლეიკინ-13-ის სიგნალებს (IL-13) — ეს გახლავთ ციტოკინების ორი მოლეკულა, რომლებიც გარკვეულ როლს ასრულებენ იმუნურ პასუხში, მაგრამ ასევე ჩართული არიან სასუნთქი გზების შემაფერხებელ მე-2 ტიპის ანთებაში, რაც ასთმით დაავადებულ პაციენტთა 50-70 პროცენტში გვხვდება.

ალერგიული ასთმის შემთხვევაში, დიდი ოდენობით ეს ციტოკინები შეიძლება წარმოქმნას მტვრის ტკიპებმა, ყვავილის მტვერმა და სხვა ალერგენებმა; ამ დროს ასევე წარმოიქმნება ჭარბი ოდენობით ანტისხეული იმუნოგლობულინ E (IgE), რაც ხელს უწყობს სასუნთქი გზების ანთებას და ართულებს სუნთქვას.

მიუხედავად იმისა, რომ დუპილუმაბითა და სხვა მონოკლონური ანტისხეულებით (mAb) მკურნალობას ამ სიმპტომების შემსუბუქება შეუძლია, ისინი საკმაოდ ძვირია და მოითხოვს მუდმივ ინექციებს. ვაქცინამ კი ამავე მიზნის მიღწევა გაცილებით იაფად და დიდი ხნის განმავლობაში უნდა შეძლოს.

„კონიუგირებულ ვაქცინებს, სახელად კინოიდებს, შეუძლია წარმოქმნას ენდოგენური, ხანგრძლივი გამანეიტრალებელი ანტისხეულური პასუხი მოცემული ციტოკინის წინააღმდეგ და შეიძლება, მონოკლონური ანტისსხეულების შეყვანის ხელსაყრელი ალტერნატივა იყოს“, — წერს მკვლევართა ჯგუფი, რომელსაც ევა კონდი და რომენ ბერტრანდი ხელმძღვანელობდნენ.

მათი აზრით, ორმაგი ვაქცინაცია IL-4-ისა და IL-13-ის წინააღმდეგ, განსაკუთრებით ძლიერი უნდა იყოს ქრონიკული ასთმის სიმწვავის შემსუბუქების თვალსაზრისით.

Infinity-ს, პარიზის პასტერის ინსტიტუტისა და ფრანგული ბიოტექნოლოგიური კომპანია Neovacs-ის მკვლევრების მიერ ერთობლივად შექმნილი ექსპერიმენტული ვაქცინა რეკომბინანტ ციტოკონებს გადამტან ცილა CRM197-თან აწყვილებს.

თაგვებზე ტესტირებისას, ვაქცინირებულ ინდივიდებში წარმოიქმნა ანტისხეულები, რომლებმაც IL-4 და IL-13 ინექციიდან მეექვსე კვირის თავზე გაანეიტრალა, თავდაცვა კი წელიწადზე მეტხანს გაგრძელდა; ამ დროის თაგვების 60 პროცენტს ანტისხეულების მაღალი დონე კვლავ აღენიშნებოდა.

„ეს მონაცემები მიუთითებს, რომ IL-4-ისა და IL-13-ის ეფექტიანი, გრძელვადიანი განეიტრალება შეიძლება მიიღწეს კინოიდებით ვაქცინაციის შემთხვევაში“, — წერენ მკვლევრები.

გარდა ამისა, ასთმის მოდელ თაგვში, რომელსაც ცხვირში მტვრის ტკიპის დოზები შეუყვანეს (ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ალერგენი), აჩვენა, რომ IL-4-ისა დაIL-13-ის წინააღმდეგ ორმაგმა ვაქცინაციამ ალერგენებისგან ხანგრძლივი თავდაცვა უზრუნველყო ფილტვების ჯანმრთელი ფუნქციის თვალსაზრისით. ასე არ მოხდა საკონტროლო თაგვებში, რომლებიც აცრილები არ იყვნენ.

გენური ინჟინერიით გამოყვანილ თაგვებში, რომლებსაც IL-4 და IL-13 ციტოკონების ადამიანის ვერსიები გამოუმუშავდათ, ვაქცინამ ასევე აჩვენა დადებითი შედეგები, გაანეიტრალა ციტოკინები და IgE-ის დონე ვაქცინაციიდან სულ მცირე 11 კვირის განმავლობაში შეამცირა.

უცნობია, იქნება თუ არა ის ასეთივე ეფექტიანი ადამიანებში, მაგრამ ნამდვილად იმედისმომცემია ტესტირების დასაწყებად, მიუხედავად იმისა, რომ კლინიკურ ცდებამდე ჯერ დარწმუნებით არ ვიცით, იქნება თუ არა ეს ვაქცინა ადამიანებში უსაფრთხო და ეფექტიანი.

მკვლევართა განცხადებით, ამ მომენტისთვის ხელთ გვაქვს „კონცეპტის მტკიცებულება“, რომ პროტოტიპი ვაქცინით შეიძლება მიიღწეს IL-4 და IL-13 ციტოკინების გრძელვადიანი განეიტრალება, რაც საკვანძოა ქრონიკული ასთმის რამდენიმე მთავარი მახასიათებლისგან დასაცავად, მათ შორის არის სასუნთქი გზების ჰიპერმგრძნობელობა, ეოზინოფილია და ჭარბი ლორწოს გამოყოფა.

სამომავლო კვლევის საგანია, ზუსტად რამდენ ხანს გასტანს თავდაცვა და ზუსტად როგორ აღწევს ამ გამორჩეულ ეფექტს ციტოკონების ბლოკირება. ამ ეტაპზე, ყველაზე საკვანძო ნაბიჯია ადამიანებზე ცდების დაწყება.

ამ დროისათვის, კლინიკურ ცდებს ლორენ გილემინო და კომპანია Neovacs-ი ამზადებენ; ცდების მონაწილე პაციენტები ტულუზასა და სტრასბურგში ექსპერიმენტულ ვაქცინას უახლოესი ორი წლის განმავლობაში მიიღებენ.

კვლევა Nature Communications-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.