ასტეროიდების ზედაპირზე წყალი დააფიქსირეს — პირველად ისტორიაში #1tvმეცნიერება
მზის სისტემა პლანეტების, მთვარეების, კომეტებისა და ასტეროიდების კოლექციაა. მიჩნეულია, რომ მზის გარშემო დაახლოებით მილიონი ასტეროიდი მოძრაობს და მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ ასტეროიდთა ზედაპირზე ნებისმიერი სახის წყალი დიდი ხნის წინ უნდა აორთქლებულიყო.
თუმცა, ინფრაწითელ დიაპაზონში მომუშავე ტელესკოპის, SOFIA-ს მონაცემებზე ჩატარებულ ახალ კვლევაში, წყალი ორ ასტეროიდზე აღმოაჩინეს — ირისსა და მასალიაზე.
ირისის დიამეტრი 199 კილომეტრია და ზომით დანარჩენ ასტეროიდთა დაახლოებით 99 პროცენტზე დიდია. მზის გარშემო ის ასტეროიდთა სარტყელში, მარსსა და იუპიტერს შორის მოძრაობს, 2,39 ასტრონომიული ერთეულის მანძილიდან; ერთ შემოვლას 3,7 წელიწადს ანდომებს.
მასალია შედარებით პატარაა, დიამეტრში 135 კმ და მზის გარშემო ირისის მსგავს ორბიტაზე მოძრაობს.
შემადგენლობითა და სტრუქტურით, მზის სისტემის ასტეროიდები ერთმანეთისგან მცირედით განსხვავდება. მზის სიახლოვეს ძირითადად სილიკატური ასტეროიდებია, უფრო შორს კი ყინულოვანი ასტეროიდები.
ასტეროიდთა გადანაწილების კვლევა გვეხმარება, რომ უკეთესად გავიგოთ მათი შემადგენლობა და ელემენტთა ტრანსფერი ჯერ კიდევ მზის ნისლეულში, ვიდრე პლანეტები და ასტეროიდები წარმოიქმნებოდა.
თუკი მზის სისტემაში წყლის გადანაწილება გვეცოდინება, უფრო გაადვილდება ეგზოპლანეტურ სისტემებში მისი არსებობისა და არამიწიერი სიცოცხლის შანსების შესწავლა.
SOFIA გახლდათ Boeing 747-ში განთავსებული ობსერვატორია, რომელიც დედამიწის სტრატოსფეროში დაფრინავდა და კოსმოსს იქიდან აკვირდებოდა; ტელესკოპმა ექსპლუატაციის ვადა 2022 წელს დაასრულა. სწორედ მის მიერ შეგროვებულ მონაცემებში აღმოაჩინეს წყალი ასტეროიდ ირისსა და მასალიაზე. 2020 წელს SOFIA-მ წყალი მთვარეზეც აღმოაჩინა.
ინსტრუმენტ FORCAST-ის გამოყენებით, ტელესკოპმა ზედაპირზე გრუნტის კუბურ მეტრზე 350 მილილიტრის ეკვივალენტის წყლის მოლეკულები დააფიქსირა. მთვარის მსგავსად, წყალი აქაც მინერალებშია ჩართული ან სილიკატების მიერ შეწოვილი.
ასევე შეისწავლეს ორი პატარა ასტეროიდის, პართენოპესა და მელპომენეს მონაცემები, რომელთა ხარისხიც საკმარისი არ აღმოჩნდა რაიმე დასკვნის გასაკეთებლად.
მზის სისტემაში წყლის გადანაწილების სრულად აღსაქმელად დამატებითი კვლევებია საჭირო. ამიტომ, მკვლევართა ჯგუფი ამ საქმისთვის ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის გამოყენებას გეგმავს, რომელიც გაცილებით მძლავრი და მგრძნობიარეა.
კვლევა The Planetary Science Journal-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია Universe Today-ს მიხედვით.