აშშ უკრაინას 2 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს
აშშ უკრაინას 2 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს

აშშ უკრაინას 2 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში განაცხადეს.

ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს დამატებით საბრძოლო მასალას „პეტრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის, 105 მმ და 203 მმ საარტილერიო ჭურვებისთვისა და უპილოტო საჰაერო სისტემებისთვის.

„აშშ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად გააგრძელებს მუშაობას, რათა უკრაინამ დააკმაყოფილოს ბრძოლის ველზე მისი დაუყოვნებლივი მოთხოვნილებები და გრძელვადიანი საჭიროებები უსაფრთხოებისთვის“, – აღნიშნულია პენტაგონის განცხადებაში.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალური მონაცემებით, რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ აშშ-ის სამხედრო დახმარების ჯამური მოცულობა უკრაინისთვის 39.7 მილიარდ დოლარზე მეტია.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ-ის დაფინანსება უკრაინის მხარდასაჭერად მომავალშიც გაგრძელდება.