აშშ-ში დაკავებულ ავთანდილ ხურციძეს გირაოთი გათავისუფლებაზე უარი ეთქვა
აშშ-ში დაკავებულ ავთანდილ ხურციძეს გირაოთი გათავისუფლებაზე უარი ეთქვა

ნიუ იორკში დაპატიმრებულ ქართველ მოკრივეს ავთანდილ ხურციძეს ამერიკულმა სასამართლომ გირაოთი გათავისუფლებაზე უარი უთხრა. ამის შესახებ პირველ არხს მოკრივის მეგობრებმა განუცხადეს, რომლებიც პროცესს ესწრებოდნენ.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ქართველი მოკრივისთვის პატიმრობის გირაოთი – 30 ათასი აშშ დოლარით შეცვლის საკითხი განიხილებოდა.

ქართველი სპორტსმენის მერაბ დვალიშვილის ინფორმაციით, რომელიც პროცესზე იმყოფებოდა, გირაოზე უარის თქმის მიზეზი ბრალდებულის ამერიკული ვიზის ვადის გასვლა და ამერიკის შესაძლო დატოვების საფრთხე გახდა. მოსამართლემ გირაოს მოთხოვნა ამ არგუმენტით არ დააკმაყოფილა.

რაც შეეხება საქმის არსებით განხილვას, სასამართლო პროცესები 4 ივნისს დაიწყება.

37 წლის ავთანდილ ხურციძე ნიუ იორკში ე.წ. კანონიერი ქურდის, რაჟდენ შულაიას სინდიკატის წევრებთან ერთად გასული წლის ივნისში დააკავეს.

ავთანდილ ხურციძეს რამდენიმე ბრალდება აქვს წაყენებული, მათ შორის რეკეტის, თავდასხმისა და თაღლითობის ბრალდებები. წინასწარი მოსმენის დროს, სასამართლოზე გამომძიებლებმა მტკიცებულების სახით ორი ვიდეომასალა წარადგინეს, სადაც როგორც თავად განაცხადეს, ხურციძე გამოძიების ფედერალური ბიუროს ინფორმატორს და ასევე კრიმინალურ დაჯგუფებასთან კავშირში მყოფ პირს, რაჟდენ შულაიას დავალებით, ფიზიკურად უსწორდება. FBI-ის გამომძიებლების თქმით, ხურციძე რუსული მაფიის ბოსის, რაჟდენ შულაიას „კუნთი“ იყო ბრუკლინში.

ქართველ სპორტსმენს, მეტსახელად „ჩაქუჩას“, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონის ქამრის დაცვა დაკავების გამო ვეღარ შეძლო, მსოფლიო კრივის ორგანიზაციამ ჩემპიონის სტატუსიც ჩამოართვა. ავთანდილ ხურციძე ამ დროისთვის ბრუკლინში მდებარე საპატიმროში იმყოფება. ციხეში ყოფნის პერიოდში მას ვაჟიშვილი ტარიელ ხურციძე შეეძინა.