აშშ-ში, ჩრდილოეთ კაროლინას შტატში, მდინარე ბლეკის გასწვრივ ე. წ. მელოტი კვიპაროსის ხეები (Taxodium distichum) უკვე ათასწლეულებია იზრდება. მეცნიერებმა ახლახან იქ 2000-ზე მეტი წლის ხეები აღმოაჩინეს; მათ შორის ერთ-ერთის ასაკი სულ მცირე 2624 წელია.
შედეგად, ის მსოფლიოში ჩვენთვის ცნობილი მეხუთე ყველაზე ბებერი არაკლონური ხეა.
ახლომახლოს მდგარი კიდევ ერთი ხის ასაკი 2088 წელია. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა სპეციალისტებს სჯერათ, რომ ამ ჭაობში არსებული სხვა მელოტი კვიპაროსებიც თითქმის იგივე ასაკის ან უფრო მეტისაა.
არკანზასის უნივერსიტეტის მკვლევარი დევიდ სტეილი დარწმუნებულია, რომ ზოგიერთი ხის ასაკი იქ შესაძლოა, 3000 წელიც იყოს.
უკვე ათწლეულებია ცნობილია, რომ ამ რეგიონში უძველესი ხეები ხარობს. 1980-იან წლებში, სტეილმა და მისმა კოლეგებმა იქ 1700 წლის ხეები აღმოაჩინეს. ამის გამო, ამ ზონაში ნაკრძალი შეიქმნა.
2000-ზე მეტი წლის ხეები მეცნიერებმა აქამდე შეუსწავლელ ზონაში აღმოაჩინეს.
ხეების ასაკი ყოველწლიური ნამატი ფენების საშუალებით დაადგინეს, ხიდან აღებული ნიმუშის საშუალებით ისე, რომ თავად ხეები არ დაზიანებულიყო.
გაირკვა, რომ ხის, სახელად BLK227-ის ასაკი 2624 წელია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ძვ. წ. 605 წელს ამოვიდა, რომის იმპერიამდე საუკუნეებით ადრე.
მეორე ხე, სახელად BLK232 2088 წლისაა, ანუ ის ძვ. წ. 70 წელს ამოვიდა, დაახლოებით მაშინ, როცა ეგვიპტის დედოფალი კლეოპატრა დაიბადა.
ეს ხეები მხოლოდ ასაკით როდი გამოირჩევიან. მათი რგოლები მნიშვნელოვან ინფორმაციას ინახავს მათი არსებობის თითოეულ წელს მოსული ნალექების შესახებ.
შესაბამისად, BLK227 და BLK232 თითქმის 2500 წლის მნიშვნელოვან კლიმატურ ინფორმაციას ინახავს — მათ შორის ცნობები არის გვალვებისა თუ წყალდიდობების შესახებ.
ათობით ათასი ხიდან მკვლევართა ჯგუფმა ნიმუშები მხოლოდ 110-ზე აიღო. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, ჭაობში გაცილებით ბებერი ხეებიც იყოს.