აშშ-ს თურქეთისთვის ახალი სანქციები აქვს მომზადებული
აშშ-ს თურქეთისთვის ახალი სანქციები აქვს მომზადებული

ამერიკის შეერთებულ შტატებს თურქეთისთვის ახალი სანქციების პაკეტი აქვს მომზადებული. ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი იუწყება. სტივენ მნუჩინის თქმით, თუ ოფიციალური ანკარა ამერიკელ პასტორს, ენდრიუ ბრანსონს არ გაათავისუფლებს, ვაშინგტონი აკრძალვების ახალ პაკეტს აამოქმედებს.

ბოლო პერიოდში ამერიკის შეერთებულ შტატებსა და თურქეთს შორის ურთიერთობის გამწვავება სწორედ თურქეთში დაპატიმრებული პასტორის საკითხმა გამოიწვია. ენდრიუ ბრანსონი ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით თურქეთში 2016 წელს დააკავეს.

ოფიციალური ანკარა, ამერიკელი პასტორის გათავისუფლების სანაცვლოდ, აშშ-ში მცხოვრები მქადაგებლის, ფეთჰულა გიულენის თურქეთში ექსტრადირებას ითხოვს. თურქეთის მთავრობა მას 2016 წელს თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში ადანაშაულებს. აღნიშნულ წინადადებას ოფიციალური ვაშინგტონი არ თანხმდება.

უთანხმოების ფონზე, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თურქეთს სანქციები უკვე დაუწესა. ცოტა ხნის წინ კი დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თურქეთის ამერიკის შეერთებული შტატების კარგი მეგობარი სახელმწიფო არ აღმოჩნდა.