აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ანგარიშის დასკვნა - ჯეიმს კომიმ ჰილარი კლინტონის წინააღმდეგ გამოძიებისას ბევრი შეცდომა დაუშვა
ჯეიმს კომიმ 2016 წელს ჰილარი კლინტონის წინააღმდეგ წარმოებული გამოძიების დროს ბევრი შეცდომა დაუშვა. ასეთია ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ანგარიშის დასკვნა. დოკუმენტის თანახმად, გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი, ჯეიმს კომი ჰილარი კლინტონის საქმის წარმოების დროს პოლიტიკურად მოტივირებული არ ყოფილა. ის არ ცდილობდა საპრეზიდენტოს არჩევნებზე გავლენის მოხდენას. თუმცა, ამის მიუხედავად გამოძიების დროს ბევრი შეცდომა იქნა დაშვებული.
როგორც დოკუმენტშია განმარტებული, FBI-მ ჰილარი კლინტონის თანაშემწის კომპიუტერში გამოძიებისთვის საჭირო მასალა აღმოჩინა, თუმცა რამდენიმე კვირის განმავლობაში ისინი არ შეუსწავლიათ.
გამოძიების ფედერალური ბიურო ჰილარი კლინტონის წინააღმდეგ საქმეს 2015-2016 წლებში აწარმოებდა. პრეზიდენტობის კანდიდატს სახელმწიფო მდივნის პოსტზე ყოფნის დროს საქმიანი მიმოწერისთვის პირადი ელექტრონული ფოსტის გამოყენებაში ადანაშაულებდნენ. საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვის თავიდან ასარიდებლად მსგავსი ქმედება აკრძალულია. მაშინდელმა გამოძიებამ ჰილარი კლინტონის უდანაშაულობა აჩვენა. თუმცა საპრეზიდენტო არჩევნებამდე 10 დღით ადრე FBI-ის მაშინდელმა ხელმძღვანელმა, ჯეიმს კომიმ ჰილარი კლინტონის წინააღმდეგ გამოძიება განაახლა. რამდენიმე დღის შემდეგ კი განაცხადა, რომ დოკუმენტების შესწავლის დროს ახალი არაფერი აღმოუჩენიათ. ხელახალმა გამოძიებამ ჰილარი კლინტონის რეიტინგზე უარყოფითი გავლენა მოახდინა.
2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს FBI-ის ქმედებების გამოძიება კი ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა 2017 წლის 12 იანვარს დაიწყო.