13 მარტს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე გაიმართა მოსმენა, სახელწოდებით – „ნატო-ს 70 წლისთავი: შეუცვლელი ალიანსი“. მასზე მიწვეულნი იყვნენ ორგანიზაციის „ვესტექსექ ედვაიზორსის“ (WestExec Advisors) თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი პარტნიორი, მიშელ ფლოურნი; „ბელფერის“ (Belfer) ცენტრის, ევროპისა და ტრანსატლანტიკური ურთიერთობის თაობაზე პროექტის უფროსი მკვლევარი, ნატო-ში აშშ-ის ყოფილი მუდმივი წარმომადგენელი, დუგლას ლუტი; გერმანიის მარშალის ფონდის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი და უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის უფროსი მრჩეველი, დერეკ ჩოლე; ატლანტიკური საბჭოს უფროსი მკვლევარი და ევროპისა და ნატო-ს საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე, იან ბრჟესინკი.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოსმენისას ხაზი გაესვა მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ნატო-ს უმნიშვნელოვანეს როლსა და ტრანსატლანტიკური ალიანსის ერთობის კიდევ უფრო გაძლიერების მნიშვნელობას.
მოსმენაზე მიწვეულმა სტუმრებმა არსებულ გამოწვევებს შორის განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს რუსეთის აგრესიულ ქმედებებსა და მათ აღსაკვეთად ნატო-ს მტკიცე და ქმედითი ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობაზე. როგორც მოსმენაზე მიწვეულმა სტუმრებმა, ასევე აშშ-ის კონგრესმენებმა გამოხატეს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა ქვეყნის ევროატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებისა და რუსეთისგან მომდინარე აგრესიული ქმედებებისგან საქართველოს მხარდაჭერის თაობაზე.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თანათავმჯდომარე მაიკლ მაქკოლმა მის შესავალ გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა საქართველოს საკითხზე.
„მომდევნო 70 წლის განმავლობაში, კვლავაც მრავალი გამოწვევის წინაშე ვიქნებით. ჩვენ უკვე ვიხილეთ აღმავლობის გზაზე მყოფი რუსეთის მიერ მისი მეზობლების წინააღმდეგ განხორციელებული შეტევები, მათ შორის, აღმოსავლეთ ევროპაში განხორციელებული კიბერშეტევები და საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო კონფლიქტები. ნათელია, რომ პუტინს სურს საბჭოთა კავშირის დროინდელი ზესახელმწიფოებრივი ძალაუფლების სტატუსის ხელახლა დაბრუნება. ერთიანობითა და ძლიერებით ჩვენ შეგვიძლია ამ გამოწვევის დაძლევა“, – განაცხადა მაქკოლმა.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ელიოტ ენჯელის განცხადებით, „2008 წელს ნატო-მ ხელიდან გაუშვა შესაძლებლობა, როდესაც უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანებით ნატო არ გააფართოვა. მან პუტინს მისცა იდეა, რომ შეუძლია გააკეთოს, რაც მოესურვება და ჩვენ არ შეგვწევს ძალა, მას წინ აღვუდგეთ, მათ შორის ყირიმსა და სხვა ზონებში“.
მოსმენაზე მიწვეულმა სტუმრებმა ხაზი გაუსვეს ნატო-ს ძირითადი პრინციპებისადმი, მათ შორის ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის გაგრძელებისა და ნატო-ში ახალი წევრების გაწევრიანებისადმი ალიანსის ვალდებულების მნიშვნელობას.
ევროპისა და ნატო-ს საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის ყოფილმა მოადგილემ, იან ბრჟესინსკიმ ხაზი გაუსვა ნატო-ს წევრებისა და მოკავშირეების სამხედრო გაძლიერების მნიშვნელობას. მისი განმარტებით, საჭიროა, რომ ნატო-მ განსაკუთრებით გააძლიეროს ჩრდილოეთ და ცენტრალური ევროპის, შავი ზღვისა და არქტიკის ფლანგები.
„საჭიროა, ალიანსმა მტკიცედ დაუჭიროს მხარი საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას. ალიანსმა საქართველოსა და უკრაინას უნდა წარუდგინოს ნატო-ში გაწევრიანების მკაფიო გეგმა – რომ მათ გააწევრიანებს… უკრაინასა და საქართველოში მოსკოვის შეჭრით, ჩვენ მივიღეთ მკაფიო გაკვეთილი. ამ ორი ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების მისწრაფების თაობაზე, ნატო-ს მერყეობამ მხოლოდ გააცოცხლა ვლადიმირ პუტინის მადა, რომ მოსკოვის კონტროლი განამტკიცოს და დესტაბილიზაციის გამომწვევი „ნაცრისფერი“ ზონები შექმნას ევროპის სტრატეგიულ ლანდშაფტში“, – განაცხადა ბრჟესინსკიმ.
ბრჟესინსკის განმარტებით, უკრაინისა და საქართველოს ტრანსატლანტიკური მისწრაფებებისადმი დასავლეთის მხრიდან უფრო ქმედითი და ძლიერი მხარდაჭერის ვალდებულების აღების შემთხვევაში, ნაკლები იყო ალბათობა, რომ პუტინი საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ განახორციელებდა აგრესიას.
„ეს ქვეყნები მიისწრაფვიან ნატო-ში გაწევრიანებისკენ და საკუთარ შეიარაღებულ ძალებს აგზავნიან, რათა მხარი დაუჭირონ ჩვენს მისიებს – იქნება ეს ბალკანეთსა თუ ავღანეთში. მე მახსოვს დრამატული სახის გადაცემა ავღანეთში მებრძოლი ქართული ოცეულის თაობაზე, რომელიც ჩვენს საელჩოს იცავდა და ამას მაღალპროფესიულად აკეთებდა. მათ მეტი მხარდაჭერის აღმოჩენა სჭირდებათ ჩვენგან“, – განაცადა ბრჟესინსკიმ.
კონგრესმენმა კრისტოფერ სმითმა (რესპუბლიკელი-ნიუ ჯერსი) გაიხსენა 2008 წელს რუსეთის საქართველოში შემოჭრიდან ერთი კვირის შემდეგ თბილისში მისი ყოფნის პერიოდი და აღნიშნა, რომ რუსეთი კიდევ უფრო შორს წავიდოდა საქართველოს ტერიტორიების მისატაცებლად, რომ არა აშშ-ის ადმინისტრაციიდან იმ დროს გაკეთებული ზოგიერთი ძლიერი სახის განცხადება. მან ხაზი გაუსვა უკრაინისა და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მკაფიო გეგმის არსებობის საჭიროებას. მისი განმარტებით, დროა, შემდეგი ნაბიჯი გადავდგათ ამ საკითხში მეტი კონკრეტულობის შეტანით – როგორ მოხდება მათი ნატო-ში გაწევრიანება.
კონგრესმენმა კინზინგერმა (რესპუბლიკელი – ილინოისის შტატი) ხაზი გაუსვა საქართველოს უმნიშვნელოვანეს წვლილს ავღანეთში მიმდინარე სამშვიდობო მისიაში.
კონგრესმენ ანნა ვაგნერის (რესპუბლიკელი – მისურის შტატი) განცხადებით, რუსეთი აწარმოებს არაკონვენციური ჰიბრიდული სახის ომს, რათა ძირი გამოუთხაროს დასავლეთს.
„ჩვენ ვიხილეთ რუსეთის მიერ განხორციელებული კიბერშეტევები ესტონეთზე, ნატო-ს წევრ სხვა ქვეყნებზე და რუსეთის მიერ შექმნილი „გაყინული“ კონფლიქტების ზონა მოლდოვაში, უკრაინასა და საქართველოში“, – აღნიშნა კონგრესმენმა ანნა ვაგნერმა.
კონგრესმენმა ტედ იოჰომ (რესპუბლიკელი – ფლორიდის შტატი) ხაზი გაუსვა ნატო-ს არსებობის მნიშვნელობას უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში. მისი განმარტებით, პუტინმა მარტივად შეძლო საქართველოსა და უკრაინაში შეჭრა. იგი კვლავაც განაგრძობს აგრესიულ ქმედებებს, სანამ დასავლეთი მტკიცედ წინ არ აღუდგება მის აგრესიულ მისწრაფებებს.