აშშ-ის სპეცსამსახურებმა ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნეს
აშშ-ის სპეცსამსახურებმა ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნეს. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ ერთი შემთხვევის გარდა ეროვნული სადაზვერვო სამსახურის მიერ მფრინავი ობიექტების იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა.
დოკუმენტის თანახმად, სადაზვერვო სამსახურმა შეისწავლა 2004-2021 წლებში თავდაცვის უწყების მიერ 144 ობიექტზე მოწოდებული ცნობები. 80 შემთხვევაში ობიექტების დაფიქსირება სენსორების მიერ მოხდა, 18 შემთხვევაში კი, დაფიქსირდა ობიექტის მოძრაობის უჩვეულო ტრაექტორია და ფრენის უცნაური მახასიათებელი.
ანგარიშის მიხედვით, ამოუცნობი მფრინავი ობიექტები ხუთ კატეგორიად არის დაყოფილი: საჰაერო ბურთები, დრონები და ფრინველები; ატმოსფერული მოვლენები; აშშ-ის საიდუმლო პროგრამები; ისეთი სახელმწიფოების შესაძლო ტექნოლოგიები, როგორიცაა რუსეთი და ჩინეთი და სხვა.
ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესახებ ანგარიში აშშ კონგრესის თხოვნით არის შედგენილი.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო დაინტერესებული არის არა იმდენად უცხოპლანეტელთა არსებობის საკითხით, რამდენადაც კონკურენტების – რუსეთისა და ჩინეთის შესაძლო ახალი იარაღით.