აშშ-ის საელჩო - სასამართლო რეფორმის გასაგრძელებლად საელჩო საქართველოსთან მჭიდროდ თანამშრომლობს
ვინაიდან ჭეშმარიტად დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული სასამართლო ყველა ჯანსაღი დემოკრატიის ფუნდამენტია, საქართველოში აშშ-ის საელჩო სასამართლო რეფორმის გასაგრძელებლად საქართველოსთან მჭიდროდ თანამშრომლობს , – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
საელჩოს განცხადებით, მეტი მუშაობაა საჭირო, რათა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის მართლმსაჯულება თანაბრად იყოს ხელმისაწვდომი.
„დღეს ელჩი კელი დეგნანი კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ წარმომადგენლებს შეხვდა. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პარტნიორი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეფორმის მხარდაჭერაში. იმისათვის, რომ საქართველოს ყველა მოქალაქისთვის მართლმსაჯულება თანაბრად იყოს ხელმისაწვდომი, მეტი საქმეა გასაკეთებელი. ამერიკის მთავრობა ამაყობს, რომ რეფორმის პროცესის გასაგრძელებლად ამ და ბევრ სხვა ორგანიზაციასთან თანამშრომლობს“, – აცხადებენ საელჩოში.
საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის თქმით, მომდევნო პარლამენტმა სასამართლო რეფორმა ადრეულ პრიორიტეტად უნდა დასახოს და ამ მიმართულებით მუშაობა განაგრძოს.
„მოვუწოდებთ მომდევნო პარლამენტს, სასამართლო რეფორმა ადრეულ პრიორიტეტად დასახოს და საქართველოს მიერ დღემდე გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები განაგრძოს“, – განაცხადა დეგნანმა.