აშშ-ის საელჩო - ლუგარის ცენტრი მხარს უჭერს საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს COVID-19-თან ბრძოლაში
აშშ-ის საელჩო - ლუგარის ცენტრი მხარს უჭერს საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს COVID-19-თან ბრძოლაში

ლუგარის ცენტრი მხარს უჭერს საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს COVID-19-თან ბრძოლაში, – ამის შესახებ განცხადება საქართველოში აშშ-ის საელჩოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

საელჩოს ინფორმაციით, რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრში განთავსებულია საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი და აშშ-ის არმიის სამედიცინო კვლევითი დირექტორატი საქართველოში (USAMRD-G), რომელიც უოლტერ რიდის სახელობის სამხედრო კვლევითი ინსტიტუტის (WRAIR) ინფექციურ დაავადებათა ლაბორატორიაა. მიუხედავად იმისა, რომ ლუგარის ცენტრის მშენებლობა ამერიკის მთავრობამ 150 მილიონი დოლარით დააფინანსა (აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს ზედამხედველობით) ცენტრს ფლობს და მართავს საქართველოს მთავრობა.

„საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა, რომელიც უძღვება საქართველოს მთავრობის ძალისხმევას COVID-19-თან ბრძოლაში, ეფექტურად მართა შესაძლებლობათა ფართო სპექტრი, მათ შორის, ტესტირების შეზღუდული რესურსების სათანადო და კეთილგონივრული გამოყენება, პროაქტიული დაგეგმვა და დაავადების მონიტორინგი, საზოგადოებისთვის სანდო ინფორმაციის მიწოდება და კოორდინირებული კომუნიკაცია ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელ პირებთან გადაწყვეტილებების განსასაზღვრად. ამ წარმატებების მიღწევა, დიდწილად, შესაძლებელი გახდა ამერიკელი პარტნიორების დახმარებით, საელჩოს, თავდაცვის დეპარტამენტისა და აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრებიდან, რადგანაც გრძელვადიანმა ინვესტიციებმა ინფრასტრუქტურასა და ტექნოლოგიებში, პარტნიორობის ჩამოყალიბებამ, ტრენინგისა და შესაძლებლობების განვითარებამ და საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებამ უზარმაზარი შედეგი გამოიღო ამ ეპიდემიასთან ბრძოლაში“, – ნათქვამია საელჩოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ამასთან, საელჩო აღნიშნავს, რომ იანვრის დასაწყისში საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა მიმართა საერთაშორისო პარტნიორებს და სხვადასხვა წყაროებიდან ტესტის რეაგენტები მოიპოვა, მათ შორის აშშ-დან.

„იანვრის დასაწყისში საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა სწრაფად მიმართა საერთაშორისო პარტნიორებს და სხვადასხვა წყაროებიდან მოიპოვა ტესტის რეაგენტები, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ადრეული და ზუსტი გამოვლენა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საფრთხეზე რეაგირების უმნიშვნელოვანესი კომპონენტია და უზრუნველყოფს ინფექციის კონტროლირებად დონეზე მართვას (გავრცელების ტემპის შემცირებას) ჰოსპიტალური შესაძლებლობების ფარგლებში. საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ ამ ღონისძიებების განხორციელებაზე გამოყენებული დრო, თანამშრომლების განათლება და საექსპერტო ცოდნა სრულად შეესაბამება დასავლეთ ევროპისა და ამერიკის ანალოგიურ დაწესებულებებს.

მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის არმიის სამედიცინო კვლევითი დირექტორატი საქართველოში (USAMRD-G) უშუალოდ არ მონაწილეობდა COVID-19-ის სადიაგნოსტიკო ტესტირებაში, ჩვენ მოხარულები ვართ, რომ საქართველოს მთავრობის, აშშ-ის არმიის სამედიცინო კვლევითი დირექტორატის (USAMRD-G), საელჩოსა და აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ განხორციელებულმა ინვესტიციებმა ინფრასტრუქტურასა და კვლევით პარტნიორობაში, საექსპერტო ცოდნის გადაცემასა და ტრენინგებში, შესაძლებელი გახადა ეს წარმატება. აშშ-ის არმიის სამედიცინო კვლევითი დირექტორატი საქართველოში (USAMRD-G), ასევე, ინტენსიურად მუშაობს საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და უოლტერ რიდის სახელობის სამხედრო კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლებთან და სხვა ამერიკელ პარტნიორებთან, რათა გააფართოვოს საქართველოს დიაგნოსტიკური კვლევის შესაძლებლობები“, – აცხადებს საქართველოში აშშ-ის საელჩო.

საელჩო განმარტავს, რომ ლუგარის ცენტრის დაარსების მიზანი, სწორედ რომ COVID-19-ის მსგავსი ეპიდემიების გამოვლენა და მათზე რეაგირება იყო.

„ჩვენ მოხარულები ვართ, რომ უფრო მეტმა ქართველმა შეიტყო იმ მნიშვნელოვანი საქმის შესახებ, რასაც ლუგარის ცენტრი ახორციელებს. მოუთმენლად ველით საქმიანობის გაგრძელებას, რათა განვამტკიცოთ საქართველოსა და აშშ-ის პარტნიორობა და შევძლოთ ახალი და ენდემური ინფექციური დაავადებების საფრთხეებზე რეაგირება ამ რეგიონში“, – ნათქვამია საელჩოს ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.