აშშ-ის მთავრობის მიერ საჩუქრად გადმოცემული „ფაიზერის“ ნახევარი მილიონი დოზა საქართველოში შაბათს შემოვა
აშშ-ის მთავრობის მიერ საქართველოსთვის საჩუქრად გადმოცემული „ფაიზერის“ ვაქცინის 500 ათასი დოზა საქართველოში შაბათს, 24 ივლისს შემოვა, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადეს.
შეგახსენებთ, ამერიკის მთავრობისა და უშუალოდ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით, საქართველოსთვის რამდენიმე ასეული ათასი დოზა „ფაიზერის“ ვაქცინის საჩუქრად გადმოცემასთან დაკავშირებით ინფორმაცია პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2 ივლისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
17 ივლისს კი ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საუბარია ნახევარ მილიონ დოზაზე. ამასთან, მთავრობის მეთაურმა მოსახლეობას ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდა.