აშშ და კიდევ 13 ქვეყანა „კოვიდ-19“-ის წარმოშობასთან დაკავშირებით ჩინეთის მთავრობის მიერ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის მონაცემების არგადაცემაზე შეშფოთებას გამოთქვამენ
ამერიკის შეერთებული შტატები და 13 ქვეყანა შეშფოთებას გამოთქვამს „კოვიდ-19“-ის წარმოშობის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოხსენებასთან დაკავშირებით, რომელიც არ არის სრულყოფილი, რადგან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ჩინეთის მთავრობამ მათ ექსპერტებს ვირუსის ადრეულ შემთხვევებზე მონაცემები არ მიაწოდა.
ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
ავსტრალიის, კანადის, ჩეხეთის, დანიის, ესტონეთის, ისრაელის, იაპონიის, ლატვიის, ლიეტუვას, ნორვეგის, კორეის რესპუბლიკის, სლოვენიის, ბრიტანეთისა და აშშ-ის მთავრობები დამოუკიდებელი, გამჭვირვალე გამოძიების ჩატარებას ითხოვენ.
„კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ექსპერტებს სრული წვდომა ჰქონდეთ ყველა მონაცემთან“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოხსნებაში აღნიშნულია, რომ ჩინეთის მთავრობამ ორგანიზაციას „კოვიდ-19“-ის ადრეული შემთხვევების შესახებ მონაცემები არ გადასცა. საბოლოო მოხსენებაში, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებმა ჩინურ მხარესთან ერთად მოამზადეს, აღნიშნულია, რომ ვირუსი ადამიანებში სავარაუდოდ, ღამურებიდან გავრცელდა და ლაბორატორიიდან გაჟონვის ვერსია ნაკლებ სავარაუდოა.