მზე ასეთი არასოდეს გინახავთ — კოსმოსურმა ხომალდმა ჩვენს ვარსკვლავს წარმოუდგენლად ახლო კადრები გადაუღო #1tvმეცნიერება
მზე ასეთი არასოდეს გინახავთ — კოსმოსურმა ხომალდმა ჩვენს ვარსკვლავს წარმოუდგენლად ახლო კადრები გადაუღო #1tvმეცნიერება

მზისკენ გაგზავნილი კოსმოსური ხომალდი ჩვენს დედავარსკვლავთან პირველად მივიდა ახლო მანძილზე და ეს შეხვედრა შთამბეჭდავ დეტალებში აღბეჭდა.

ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) ხომალდი Solar Orbiter-ი 26 მარტს მზის ორბიტაზე ახლო წერტილში მივიდა (პერიჰელიონი), მზესთან დაახლოებით 48 მილიონი კილომეტრის მანძილზე, მერკურის ორბიტის შიგნით.

ამ მანძილზე ტემპერატურა 500 გრადუს ცელსიუსს აღწევს. შემდეგ პერიჰელიონებში ხომალდი მზესთან კიდევ უფრო ახლოს მივა.

მიახლოებისას, ხომალდმა მზე ისეთი იხილა, როგორიც აქამდე არასოდეს გვინახავს — მათ შორის, დაინახა მომაჯადოებელი, ამ დრომდე გამოუცნობი წარმონაქმნები, სახელად „ზღარბი“; ასევე დეტალურად გადაიღო მზის პოლუსები, რომლებიც ჩვენგან არ ჩანს.

Solar Orbiter-მა დაკვირვებები პირველად ჩაატარა ერთობლივად მოქმედი თავისი ათივე ინსტრუმენტით და უზარმაზარი ოდენობით ინფორმაციას გვაწვდის მზის ქცევის, მაგნიტური ველისა და ზოგჯერ ქაოსური ამინდის შესახებ, რა დროსაც ის მატერიას პლანეტათშორის სივრცეში ტყორცნის.

ამ მიახლოების დეტალური ფოტო რამდენიმე თვის წინ უკვე ვნახეთ, მაგრამ ამჯერად, ESA ამ მოვლენის ვიდეოს აქვეყნებს — ხომალდის თვალით დანახულ ჩვენს საოცარ ვარსკვლავს.

Solar Orbiter-მა მზის მეცნიერებაში დიდი გარდატეხა უნდა მოახდინოს, არა მხოლოდ იმიტომ, რომ მზის იმ ნაწილების ჩვენთვის ჩვენება შეუძლია, რომლებსაც ვერ ვხედავთ. მაგალითად იმიტომ, რომ დედამიწა მზის გარშემო მისი ეკვატორის გარშემო მოძრაობს და შესაბამისად, პოლუსების შესწავლა უკიდურესად რთულია. ამ რეგიონების შესწავლა მხოლოდ მზის „მაღლა-დაბლა“ მოძრავ ხომალდს შეუძლია.

მიჩნეულია, რომ პოლარული რეგიონები უკიდურესად მნიშვნელოვანია მზის მაგნიტური ველებისთვის, რომლებიც უზარმაზარ როლს ასრულებენ მზის აქტივობაში. თუმცა, ვინაიდან პოლუსების დანახვა ასე რთულია, არ ვიცით, რა ხდება იქ მაგნიტურ ველებში. საკუთარ ინსტრუმენტთა კრებულით, Solar Orbiter-ი ამ ამოუცნობი რეგიონების შესახებ უპრეცედენტო ცნობებს გვთავაზობს.

30 მარტს გადაღებულ მზის სამხრეთ პოლუსზე მან გამოავლინა რეგიონი, რომელშიც მზიდან მარყუჟებივით ამომართული, თაღოვანი მაგნიტური ველის ხაზები დუღს.

კიდევ ერთი მომაჯადოებელი წარმონაქმნია მზის „ზღარბი“. ხომალდმა ისიც 30 მარტს გადაიღო და მზის ფიზიკოსები ჯერ ახლა არკვევენ, რა არის და როგორ წარმოიქმნება ის. შედგება შედარებით პატარა, დაახლოებით 25 000 კმ სიგანის რეგიონისგან, რომელიც ხომალდმა უკიდურეს ულტრაიისფერ დიაპაზონში გადაიღო, რათა ენახა იქ მიმდინარე აქტივობა.

აქტივობა კი შემდეგია: მზის გაზის ცხელი და ნაკლებად ცხელი „წვეტები“ მზის გვირგვინიდან (კორონა), ანუ ატმოსფეროდან ყველა მიმართულებითაა გამოშვერილი, ზღარბივით.

„ფოტოები ნამდვილად სულისშემკვრელია. Solar Obiter-მა ხვალვე რომ შეწყვიტოს მონაცემთა შეგროვება, უკვე გამოგზავნილი მონაცემების შესწავლას მაინც წლები დასჭირდება“, — ამბობს ბელგიის სამეფო ობსერვატორიის მზის ფიზიკოსი დევიდ ბერგმანსი.

Solar Obiter-ის მთავარი მიზანია დაადგინოს, რა გავლენა აქვს მზეს მთელ ჰელიოსფეროზე, ანუ მზის გავლენის რეგიონზე, რომელიც მზის ქარით განისაზღვრება და რომლის საზღვარიც პლუტონის ორბიტის მიღმაა. მზის ქარი ნაწილაკებსა და მაგნიტურ ველებს პლანეტათშორის სივრცეში ისვრის, რასაც შესამჩნევი ეფექტი აქვს პლანეტებზე.

რაც უფრო ახლოს მიდის Solar Orbiter-ი მზესთან, მით უკეთესად გაარკვევს, როგორ მოდის მზის ქარი. 21 მარტის ახლოს მისვლისას, მან დააფიქსირა ენერგეტიკულ ნაწილაკთა გამოდინება. პირველად უფრო ენერგიული ნაწილაკები გამოჩნდა, რასაც ნაკლებად ენერგიულები მოჰყვა. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ნაწილაკები Solar Orbiter-ის პოზიციასთან ახლოს კი არ იყო წარმოქმნილი, არამედ მზის ზედაპირის სიახლოვეს.

სხვა ინსტრუმენტებმა დააფიქსირა მზის მოვლენები, რომლებმაც შეიძლება ნაწილაკები წარმოქმნა, კოსმოსის მიმართულებით ააჩქარა; მათ შორის მზის ანთებები და კორონული მასის ამოფრქვევები.

მზე ამჟამად საკმაოდ აქტიურია, რაც იმას ნიშნავს, რომ ხომალდი მზის აქტივობის შესახებ მრავალ ფასდაუდებელ ინფორმაციას მოგვაწვდის. 2030 წლამდე ის მზეს სულ მცირე 14-ჯერ კიდევ მიუახლოვდება, მათ შორის 40 მილიონ კილომეტრ მანძილზე, რისთვისაც ვენერას გადაუფრენს და მისი გრავიტაციისგან აკრეფს სიჩქარეს.

„დაუჯერებელია, რომ ეს მისიის მხოლოდ დასაწყისია, პირველი გადაფრენა, ნამდვილად ძალიან დაკავებული წლები გველოდება“, — ამბობს ევროპის კოსმოსური სააგენტოს მკვლევარი დანიელ მიულერი.

მომზადებულია esa.int-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.