არტიომ შრაიბმანი - ბელარუსი რუსეთისთვის კერკეტი კაკალია
არტიომ შრაიბმანი - ბელარუსი რუსეთისთვის კერკეტი კაკალია

რუსეთსა და ბელარუსს შორის ნავთობის შესახებ დავა გამწვავდა. დღეს ბელარუსის ხელისუფლებამ უკრაინაში, პოლონეთსა და ბალტიისპირეთში ნავთობის ექსპორტი შეაჩერა. ამის მიზეზად უხარისხო რუსული ნავთობი დაასახელეს. მინსკში რუსეთიდან ნავთობის იმპორტის ჩანაცვლებაზეც ალაპარაკდნენ.

როგორც ბელარუსში ამბობენ, დავის მთავარი მიზეზი სულ სხვაა და ის რუსეთის გადაწყვეტილებას უკავშირდება, რომელიც ბელარუსისთვის ნავთობის იმპორტზე მოქმედი შეღავათების გაუქმებას ითვალისწინებს. შეღავათების შენარჩუნებისთის კი, კრემლი ბელარუსს მეტ ინტეგრაციას სთავაზობს. ამ თემაზე ვესაუბრეთ ბელარუს მიმომხილველს არტიომ შრაიბმანს.

რამდენიმე დღის წინ რუსეთის პრეზიდენტმა დუმაში გამოსვლისას თქვა, რომ მოსკოვმა ბელარუსს ინტეგრაციის შესახებ შეთავაზება გაუგზავნა, რას გულისხმობს ინტეგრაცია?

– რუსეთი და ბელარუსი ამ თემაზე 2018 წლის დეკემბრიდან საუბრობენ. ეს უკავშირდება დავას ნავთობის შესახებ. მოკლედ რომ ვთქვათ, კრემლის გადაწყვეტილებით, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ბელარუსი დაკარგავს ფინანსურ შემოსავალს, რომელსაც ნავთობის შეღავათიანი პირობებით მიწოდების ხარჯზე იღებდა. მინსკს ეს არ სურს და შეღავათიანი პირობების შენარჩუნებას ან კომპენსაციას ითხოვს. საპასუხოდ მედვედევმა განაცხადა, რომ შეღავათების შესანარჩუნებლად აუცილებელია ბელარუსის და რუსეთის მეტად ინტეგრაცია. მხარეებმა შექმნეს სამუშაო ჯგუფები და წინადადებები გააცნეს ერთმანეთს. სინამდვილეში რუსეთმა ბელარუსს საკუთარი გეგმა დაახლოებით ერთი თვის წინ გადაუგზავნა. რამდენიმე დღის წინ კი მედვედევმა დუმაში ეს უბრალოდ საჯაროდ განაცხადა. ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრმაც არ დააყოვნა პასუხი და თქვა, რომ ბელარუსმა მოსკოვს საპასუხო წინადადებები უკვე გააცნო. რუსეთის ელჩის განცხადებებზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საუბარია ახალი ინსტიტუტების შექმნაზე, კერძოდ, ერთიანი საბიუჯეტო, საგადასახადო, სააქციზო და საბაჟო პოლიტიკის ჩამოყალიბებაზე და შესაძლოა, საუბარი იყოს ერთიან ვალუტაზეც. ყველა ეს პუნქტი გაწერილი იყო ჯერ კიდევ 1999 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებაში, რომელსაც 20 წლის წინ ლუკაშენკომ და ელცინმა მოაწერეს ხელი, მაგრამ ყველაფერი ქაღალდზე დარჩა. ახლა ბელარუსის მხრიდან კომპენსაციის მოთხოვნის სანაცვლოდ, მოსკოვს ბელარუსის პოლიტიკური ინტეგრაციის გაღრმავება სურს. მიმდინარეობს ვაჭრობა. როგორც ჩემთვისაა ცნობილი, მოსკოვის ე.წ. პაკეტში მინსკისთვის ბევრი მიუღებელი პუნქტია. ამაზე საუბრობენ ბელარუსის ხელისუფლების კაბინეტებში და როგორც მგონია, ბელარუსის საპასუხო წერილში ამ პუნქტების შესრულებაზე უარია ნათქვამი. ბელარუსის მთავრობა სუვერენიტეტის არც ერთი ნაბიჯით დათმობას არ აპირებს.

კონკრეტულად რა შეიძლება გახდეს ვაჭრობის საგანი?

– ძალიან კარგი კითხვაა. წლები გადის და ეს ე.წ. კოზირები სულ უფრო ცოტა რჩება. ბელარუსი უკვე აღარ არის რუსეთისთვის მნიშვნელოვანი სატრანზიტო დერეფანი, რადგან რუსეთი შემოვლით მარშრუტებს ანვითარებს ბუნებრივი აირის ექსპორტისთვის. ნავთობის გადაზიდვებისთვის ბელარუსი რუსეთისთვის ჯერ კიდევ საკვანძო პარტნიორია და სწორედ ამიტომ წამოწია ლუკაშენკომ ნავთობის დერეფნის შესაძლო დახურვის საკითხი და ამის მიზეზად მილსადენებზე ე.წ. სარემონტო სამუშაოები დაასახელა. ასევე, არსებობს უბრალოდ სიმბოლური მოკავშირეობის თემაც. რუსეთს სჭირდება მოკავშირეები, რადგან ძალიან ცოტა მეგობარი ჰყავს. რუსეთს ყველა ყოფილი მოკავშირე გაურბის. დასავლეთის მიმართულებით ბელარუსი მოსკოვისთვის ლამის ერთადერთი მოკავშირეა. მინსკი ცდილობს, ეს აქტივი მოსკოვთან დავის დროს გამოიყენოს. ბელარუსის ხელისუფლება მუდმივად უსვამს ხაზს, რომ ბელარუსში რუსეთს სამხედრო ობიექტები აქვს, რაშიც მოსკოვს ფულს არავინ სთხოვს. ლუკაშენკო ამ კოზირის გათამაშებას ეცდება. ის მუდამ დაემუქრება მოსკოვს ბელარუსის, როგორც ერთგული მოკავშირის დაკარგვით. ასევე, ბელარუსის მთავრობა ცდილობს, დაუმტკიცოს რუსეთს, რომ ლუკაშენკოს ხელისუფლების გაკოტრება მოსკოვის ინტერესებში არ არის. ლუკაშენკოს თქმით, თუ მოსკოვი მას მხარს არ დაუჭერს, ხელისუფლებაში ბელარუსი ნაციონალისტები მოვლენ. აი, ასეთ რიტორიკულ საგნებზე მიდის ვაჭრობა. თუმცა, ეს რუსეთზე სულ უფრო ნაკლებად მოქმედებს. არსებობს რამდენიმე აქტივი, რომელმაც შესაძლოა, დააინტერესოს რუსეთი, მათ შორის ნავთობგადამამუშავებელ ან შეიარაღების წარმოების სფეროში, თუმცა ჯერ მოსკოვისგან არ ისმის წინადადება, რომ რომელიმე ამ აქტივის დათმობის სანაცვლოდ, მოსკოვი ნავთობის დავაში უკან დაიხევს.

რას ფიქრობს ამ საკითხზე ბელარუსი ხალხი?

– ხალხი ამაზე მსჯელობს, თუმცა რუსეთთან უფრო მეტი ინტეგრაციისა და სუვერენიტეტის დათმობის მომხრე არ ჩანს. კვლევების მიხედვით, რუსეთთან უფრო მეტ დაახლოებას სტაბილურად მოსახლეობის 10-15%-ი უჭერს მხარს. რუსეთის შემადგენლობაში შესვლის მომხრე მხოლოდ 5%-ია. ეს მიზერული ციფრებია. უკრაინის, ლატვიის, მოლდოვის, ყაზახეთისა და რუსეთის სხვა მეზობლებისგან განსხვავებით, რუსეთთან გაერთიანების მომხრეები რომელიმე კონკრეტულ რეგიონში არ არიან კონცენტრირებული. ისინი არ წარმოადგენენ „ბელარუსულ დონბასს“ ან ყირიმს, რომელზეც შეიძლება ზეგავლენა მოახდინო. მიუხედავად იმისა, რომ ბელარუსის პოლიტიკა პრორუსულია, აქ მაინც არ არსებობს მნიშვნელოვანი მოთამაშე, რომელიც რუსეთთან გაერთიანების თემას ლობირებას გაუწევს. ეს არავის აწყობს. ეს არ სურს არც ხალხს, არც ელიტას, რომელიც სტატუს-კვოს მიეჩვია და, რომელსაც არ სურს ბელარუსში რუსი ოლიგარქების ხილვა. ეს არც პირადად ლუკაშენკოს სურს. რუსეთთან გაერთიანება არც ბელარუს ძალოვანებს სურთ, რომლებიც ხვდებიან, რომ ძალაუფლებასა და ბიზნეს შესაძლებლობებს დაკარგავენ, ამიტომ რუსეთთან გაერთიანების საკითხს სერიოზულად არც კი განიხილავენ. არსებობს მხოლოდ ფობიები, აპოკალიპტური სცენარი, რომ რუსეთი ბელარუსს ყირიმის მსგავსად მოექცევა.

სწორედ ეს მინდა გკითხოთ, რუსეთს შეუძლია, დააძალოს ბელარუსს ინტეგრაცია?

– ტექნიკურად რუსეთს საჭირო რესურსი აქვს, პირველ რიგში, სამხედრო რესურსი. ბელარუსი უკრაინაც კი არ არის. ეს ძალიან პატარა ქვეყანაა. თუმცა ასეთი პროექტის განხორციელება რთულია იმ პირობებში, როდესაც ბელარუსი წარმოადგენს მყარ ავტორიტარულ სახელმწიფოს, რომელსაც ჰყავს მორჩილი სახელმწიფო აპარატი, არ აქვს განხეთქილება საზოგადოებაში, არ არსებობს გეოგრაფიული განხეთქილებები, ელიტაც ერთიანია. ასეთ პირობებში ამ პროექტის განხორციელება მოითხოვს არა მხოლოდ უკრაინული ოპერაციის გამეორებას, ანუ ჰიბრიდულ შეჭრას, არც ქართული ოპერაციის გამეორებას, რომელიც ქვეყნის იმ ნაწილების მითვისებას გულისხმობს, რომლებიც ისედაც ეურჩებოდნენ ცენტრალურ ხელისუფლებას, არამედ ბელარუსში მსგავსი ოპერაცია მოითხოვს რეჟიმის ძალისმიერი გზით შეცვლას. ბელარუსის შემთხვევაში ფსონები ძალიან მაღალია. საჭირო იქნება ძლიერი რეჟიმის დამხობა. ჩემი აზრით, არც ერთი მოტივი გამართლებული არ იქნება. ყველა ამოცანა, რომლის გადაჭრაც სურს რუსეთს ბელარუსის ხარჯზე, მათ შორის პუტინის რეიტინგის ამაღლება, 2024 წლის არჩევნებისთვის მომზადება და ა.შ. შეიძლება უფრო იოლად შესრულდეს. ბელარუსი კერკეტი კაკალია. ბელარუსს ვერ გახლეჩ ნაწილებად. სწორედ ამის გამო რუსეთთან გაერთიანების იდეა ნაკლებად რეალისტურია. რუსეთი ძალიან ოსტატურად ერევა სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში, იქნება ეს აშშ, უკრაინა თუ საქართველო, მაგრამ ჩარევა და სისუსტეების გამოყენება ერთია და ხელისუფლების ძალისმიერი გზით დამხობა – სხვა. ასეთი რამ რუსეთს დიდი ხანია, არ გაუკეთებია.