არსებობს პარაზიტი, რომელიც ჭიანჭველას სიცოცხლეს სამჯერ ახანგრძლივებს — #1tvმეცნიერება
არსებობს პარაზიტი, რომელიც ჭიანჭველას სიცოცხლეს სამჯერ ახანგრძლივებს — #1tvმეცნიერება

როგორც წესი, პარაზიტი ლენტისებური ჭიის ყოლა არც თუ ისე სასურველი მდგომარეობაა. თუმცა, ინფიცირებული ჭიანჭველების, Temnothorax nylanderi-ის ცხოვრებაში საქმე სულ სხვაგვარადაა.

დავუშვათ, რომ ამ სახეობის ჭიანჭველას ლავრამ კოდალას სკინტლი შეჭამა და ლენტისებური ჭია (Anomotaenia brevis) გადაედო. ის სამჯერ მეტს იცოცხლებს, ვიდრე მისი თანატოლები, უფრო მეტს თუ არა და თანაც, იშვიათად მოუწევს ყბის გამოძრავება.

არაინფიცირებული ჭიანჭველები მუშები ხდებიან, ის აქეთ-იქით დაჰყავთ, კვებავენ და უვლიან სიცოცხლის ბოლომდე. ასე განებივრებული ჭიანჭველები ბუდეს იშვიათად ტოვებენ.

მკვლევართა ჯგუფმა, რომელსაც გერმანიის იოჰანეს გუტენბერგის უნივერსიტეტის ენტომოლოგი სუზან ფოიციკი ხელმძღვანელობდა, ამ უცნაური, იდილიური ცხოვრების სტილის შესაძლო ახსნა დადო.

როდესაც ლენტისებური ჭია ჭიანჭველას ნაწლავში დაიბუდებს, მისი სისხლის მიმოქცევაში უშვებს ანტიოქსიდანტებს და სხვა ცილებს იღებს.

ჯერ კიდევ უცნობია, რა ეფექტები აქვს ჯანმრთელობაზე ამ კონკრეტულ ცილებს, მაგრამ არსებობს რეალური შანსი, რომ ისინი ინფიცირებულ ჭიანჭველებს ახალგაზრდობის შენარჩუნებაში ეხმარებოდნენ.

ლენტისებურ ჭია Anomotaenia-ს სიცოცხლის ციკლში, ჭიანჭველა მისი საბოლოო სახლი არ არის. ზრდასრულ, რეპროდუქციულ მდგომარეობას კოდალას სხეულში ატარებს, რაც იმას ნიშნავს, რომ პარაზიტს აქვს ინტერესი, რომ თავის დროებითი მასპინძელი ახალგაზრდა, მსუყე და შესახედავად გემრიელი შეინარჩუნოს. ამ გზით, ის შეიძლება კოდალას საუზმე გახდეს.

პარაზიტს სულ არ ანაღვლებს, რა ემართება ჭიანჭველების კოლონიას; ინფიცირებული ჭიანჭველები კოდალას მოსვლამდე ცოცხლობენ.

2021 წელს, ფოიციკმა და მისმა კოლეგებმა აღმოაჩინეს, რომ მართალია, ლენტისებრი ჭიით ინფიცირებული Temnothorax ჭიანჭველები განცხრომაში ცხოვრობდნენ, მათ სიზარმაცეს კოლონიაში მყოფი არაინფიცირებული თანატოლები ანაზღაურებდნენ.

ეს მუშა ჭიანჭველები, რომლებსაც ინფიცირებული თანატოლების მოვლის ტვირთი აწვათ, გაცილებით ადრე დაიხოცნენ. მიუხედავად იმისა, რომ არც ინფიცირებულ ჭიანჭველებს და არც მათ ყურადღებიან მომვლელებს სტრესის ფიზიოლოგიური მაჩვენებლები არ აღენიშნებოდათ, მუშები დედა ჭიანჭველებზე ნაკლებად ზრუნავდნენ, რადგან ინფიცირებულებს მკურნალობდნენ; ამან კი კოლონიას შეიძლება დიდი პრობლემა შეუქმნას.

გამომდინარე იქიდან, რომ ინფიცირებული ჭიანჭველები ასე ახალგაზრდულად გამოიყურებოდნენ, მკვლევრებს სურდათ გაეგოთ, რა განაპირობებდა მათ ასე ხანგრძლივ სიცოცხლეს.

ახალ კვლევაში, რომელიც ჯერ რეცენზირებული არ არის, მკვლევრებმა კვლავ შეადარეს ერთმანეთს ინფიცირებული და არაინფიცირებული ჭიანჭველები; ამჯერად ცილების დონეს სწავლობდნენ ჭიანჭველების ჰემოლიმფაში (სისხლის მიმოქცევის ეკვივალენტი უხერხემლოებში).

დაადგინეს, რომ ლენტისებრი ჭიის ცილები მათ ჰემოლიმფაში არსებულის „არსებით ნაწილს“ შეადგენდა, ორი ყველაზე უხვი კი ანტიოქსიდანტები იყო.

ზოგიერთმა სხვა ცილამ შეიძლება ახსნას, რატომ მკურნალობენ ინფიცირებულ ჭიანჭველებს მეფეებივით; თუმცა, ზოგიერთი მათგანი ამოუცნობი იყო და სხვა ორგანიზმებს არ აქვთ ჩვენთვის ცნობილი მისი ეკვივალენტი.

ინფიცირებულ ჭიანჭველებში აღმოჩენილი ერთი ცილა, სახელად ვიტელოგენინის მსგავსი A, არა პარაზიტის, არამედ თავად ჭიანჭველას მიერ არის წარმოებული. ცნობილია, რომ ჭიანჭველათა საზოგადოებებში ის შრომის დანაწილებას და რეპროდუქციას არეგულირებს.

ამის გამო, მკვლევრები ფიქრობენ, რომ ეს ცილა შეიძლება რაღაც გავლენას ახდენდეს ჭიანჭველების ქცევაზე, ისე, რომ სხვები მოატყუონ და მათზე მზრუნველობა აიძულონ.

ჯერ კიდევ უცნობია, ლენტისებური ჭია ჭიანჭველას ისეთი გენების ექსპრესიაზე მანიპულირებს აქტიურად, როგორიც არის ვიტელოგენინის მსგავსი A თუ ის პარაზიტული ინფექციის შემთხვევითი ქვეპროდუქტია.

„ვინაიდან სოციალურ მწერებში კასტის განსხვავებები ჩვეულებრივ გენეტიკური განსხვავებების გამო კი არ ხდება, არამედ ამას გენების დიფერენციალური ექსპრესია აკონტროლებს, პარაზიტის გადმოსახედიდან, მიმზიდველი სტრატეგია შეიძლება იყოს უკვე არსებული მარეგულირებელი გზების მოტაცება, რაც ინდივიდს დედა ჭიანჭველას ამსგავსებს“, — წერენ მკვლევრები.

მიუხედავად ამისა, იმის მტკიცება, რომ პარაზიტი ჭიანჭველას სხეულით მანიპულირებს, რთული იქნება, შეუძლებელი თუ არა. მკვლევრები ამბობენ, რომ მანიპულაციის პოტენციური გზის ინტერპრეტაციისას ყურადღებაა საჭირო.

მკვლევართა ჯგუფი პარაზიტის ცილების შესწავლის გაგრძელებას გეგმავს, რათა უკეთესად გაიგოს, რა გავლენას შეიძლება ახდენდეს ისინი ჭიანჭველას ქცევაზე, იერსახესა და სიცოცხლის ხანგრძლივობაზე.

კვლევა ჯერ რეცენზირებული არ არის და ხელმისაწვდომია სერვერზე bioRxiv.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.