არქტიკის საცავში გაურკვეველი მომავლისთვის 21 ტერაბაიტის მოცულობის ღია წყაროს კოდი შეინახეს — #1tvმეცნიერება
17:18, 22.07.2020
თუ აპოკალიფსი დადგება, გახსოვდეთ, რომ ამისათვის ზომები უკვე მიღებულია. არქტიკაში, შპიცბერგენის არქიპელაგის ერთ-ერთ იზოლირებულ კუნძულზე განთავსებული შპიცბერგენის თესლების გლობალური საცავი, იგივე ნორვეგიის „აპოკალიფსის საცავი“, ციხესიმაგრის მსგავს ბუნკერში მილიონზე მეტი სახის თესლის ნიმუშებს ინახავს. წარმოადგენს თესლების ყველაზე მიუვალ, საიმედო თესლების საცავს მსოფლიოში.
თუმცა, იქ მხოლოდ თესლები როდია დაცული. ქვანახშირის მიტოვებული მაღაროში ახლა კიდევ ერთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რამ არის განთავსებული — არქტიკის მსოფლიო არქივი, სადაც დაცულია მსოფლიოს დღევანდელი მონაცემები გაურკვეველი ხვალინდელი დღისთვის. ახლახან, საცავმა წარმოუდგენლად მსხვილმასშტაბიანი „შესაწირი“ მიიღო.
GitHub-მა, ღია წყაროს კოდის ერთ-ერთმა უდიდესმა საცავმა მსოფლიოში, არქტიკის მსოფლიო საცავში წარმატებით გადაიტანა თავის ყველა აქტიური საჯარო კოდის საცავი (ამ წლის თებერვლის მოაცემების ჩათვლით); კომპანიის მიზანი GitHub-ის არქტიკის კოდის საცავის შექმნაა.
„ჩვენი მისიაა დავიცვათ ღია წყაროს პროგრამული უზრუნველყოფა მომავალი თაობებისათვის და ამისათვის, მას ვინახავთ არქივში, რომელიც ისეა აშენებული, რომ ათას წელიწადს გასძლოს“, — ამბობს GitHub-ის სტრატეგიული პროგრამების დირექტორი ჯულია მეტკალფი.
პროექტი პირველად შარშან დაანონსდა და შპიცბერგენის საცავში პირველი შენატანი 2019 წლის ბოლოს განხორციელდა; მოიცავდა პლატფორმის ღია წყაროს კოდის 6000 ყველაზე მნიშვნელოვან საცავს.
ახალი შენატანი კიდევ უფრო მასშტაბურია და მოიცავს 21 ტერაბაიტის მოცულობის მონაცემებს, რომლებიც ჩაწერილია ციფრული საარქივო ფირის, piqlFilm-ის 186 კოჭაზე.
ამ მასალის გამძლეობა 500 წელიწადზეა გათვლილი, მაგრამ როგორც სიმულაციები მიუთითებს, ორჯერ დიდხანს უნდა გასძლოს. ამჟამად ის ინახება 250 მეტრის სიღრმეში, არქტიკის გლობალური არქივის დალუქულ კამერაში მოთავსებულ ფოლადის კონტეინერში.
ფირი შედგენილია პოლიასტერზე დატანილი ჰალოიდებისგან, გამოიყურება როგორც მინიატურული QR კოდების ნაბეჭდი, მაგრამ თითოეული ჩარჩო შეკუმშულია 8,8 მილიონ მიკროსკოპულ პიქსელად. თითოეული კოჭაზე დახვეულია კილომეტრის სიგრძის ფირი, რაც უზარმაზარი ზომაა მონაცემთა შესანახად.
„ის უძლებს უკიდურეს ელექტრომაგნიტურ დასხივებას და გავლილი აქვს გამძლეობისა და წაკითხვადობის ტესტები“, — აღნიშნავს მწარმოებელი კომპანია piql-ი.
პროექტის ავტორები იმედოვნებენ, რომ ეს წარმოუდგენლად დიდხანს გამძლე ფირი, არქივის ბუნებრივი იზოლირება და საინჟინრო უსაფრთხოება მსოფლიოს ღია წყაროს პროგრამულ უზრუნველყოფას საუკეთესოდ შეინახავს შორეულ მომავალში, როცა ის შეიძლება ერთ მშვენიერ დღესაც მომავალ თაობებს დასჭირდეთ.
არაპროგნოზირებად მომავალში ძნელია იმის ზუსტად განჭვრეტა, რას უზამენ მომავლის ადამიანები ამ კოდს ან როგორ შეძლებენ მის გამოყენებას.
ამ მიზეზის გამო, საცავში ასევე იქნება ერთი ცალკე, ადამიანის თვალით წაკითხვადი კოჭა, სახელად Tech Tree, რომელიც შეიცავს საარქივო კონტენტის ტექნიკურ ისტორიასა და კულტურულ კონტექსტს. უფრო კონკრეტულად, ის წარმოადგენს ერთგვარ ისნტრუქციას ამ პროგრამების შესახებ, ახსნილია, რა ტექნოლოგიებს შეუძლია მათი წაკითხვა.