არქტიკა შეიძლება მალე გახდეს შემდეგი პანდემიის წყარო — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
მაშინ, როდესაც მსოფლიო თბება და მყინვარების დნობა გრძელდება, არქტიკა შეიძლება „ნოყიერი ნიადაგი“ გახდეს ახალი ვირუსული პანდემიისთვის, რადგან კლიმატის ცვლილება ზრდის შანსს, რომ შემდეგი ებოლა, გრიპი თუ SARS-CoV-2 საკმაოდ მალე გამოჩნდეს.
ახალ კვლევაში, მეცნიერებმა შეისწავლეს ნიადაგი და ჰეიზენის ტბის დანალექები. ეს ტბა კანადაში მდებარეობს და წყლის მოცულობის თვალსაზრისით, უდიდესია არქტიკულ წრეში. ნიადაგში ნაპოვნი დნმ-ისა და რნმ-ის სეგმენტების სეკვენირების გზით, მეცნიერები ცდილობდნენ ამ გარემოში არსებულ ვირუსთა იდენტიფიცირებას.
ცხოველებში, მცენარეებსა და სოკოებში არსებულ ვირუსთა კონტექსტუალიზაციისთვის მკვლევართა ჯგუფმა კომპიუტერული ალგორითმი გამოიყენა და განსაზღვრა ვირუსული გადასვლის რისკი, ანუ ვირუსების უნარი, გადავიდნენ ახალ სახეობაში და გავრცელება განაგრძონ, როგორც ეს COVID-19-ის გამომწვევმა კორონავირუსმა SARS-CoV-2-მა შეძლო, როდესაც ის გარეული ცხოველებიდან ადამიანებში გადმოვიდა.
„სხვა სახეობაში გადასვლის რისკი იზრდება მყინვარების ჩამონადენთან ერთად, რაც კლიმატის ცვლილების შედეგია. კლიმატის ცვლილებას პოტენციურ ვირუსულ ვექტორთა სახეობების დიაპაზონი ჩრდილოეთის მიმართულებით გადააქვს და არქტიკის ზედა ნაწილი შეიძლება ნოყიერი ნიადაგი გახდეს პანდემიების აღმოცენებისთვის“, — წერენ მკვლევრები.
მეცნიერებმა შეადარეს როგორც ვირუსების, ისე მათი მასპინძლების ევოლუციური გზა, ეძებდნენ ამ ორს შორის სხვაობებსა და მსგავსებებს; ასეთი შედარებები გვთავაზობს სტატუს-კვოს ცვლილებისა და ამის შედეგად ვირუსული გადასვლის შესაძლებლობის შანსს.
„ევოლუციური თვალსაზრისით, ვირუსები უფრო მიდრეკილნი არიან მათ ბუნებრივ მასპინძელთან ფილოგენეტიკურად ახლოს მყოფ ახალ მასპინძელთა დაინფიცირებისკენ, პოტენციურად იმიტომ, რომ მათთვის ადვილია გენეტიკურად მსგავსი სახეობების დაინფიცირება და მათი კოლონიზება“, — განმარტავენ მკვლევრები.
წინა კვლევებთან ერთად, რომლებმაც აჩვენა, როგორ შეიძლება ხელი შეუწყოს დეგრადირებულმა ლანდშაფტმა პათოგენებს, პარაზიტებსა და მასპინძლებს ახალი გზებით — მკვლევრები ვარაუდობენ, რომ მყინვარებიდან სულ უფრო მზარდი ჩამონადენი ზრდის შანსს, რომ ვირუსები ეუკარიოტულ მასპინძლებში გადახტნენ.
თუმცა, გადასვლის გაზრდილი რისკი სხვადასხვა აღმოჩნდა ნიადაგსა და ტბის დანალექთა ნიმუშებში. ნიადაგში, მყინვართა ნადნობის დინების ზრდასთან ერთად, ვირუსული გადასვლის რისკი რაღაც წერტილამდე გაიზარდა, შემდეგ კი შემცირდა, ტბის დანალექების ნიმუშებში კი ზრდა განაგრძო.
მკვლევართა მიერ წამოყენებული ერთი ახსნის მიხედვით, გაზრდილი ჩამონადენი ნიშნავს უფრო მეტ ორგანულ მასალას, მასში არსებული ორგანიზმები კი უფრო ტბაში ჩაირეცხება, ვიდრე ხმელეთზე რჩება.
„კლიმატის ცვლილებასთან ერთად, ასევე იცვლება არქტიკის მიკრობიოსფეროს მეტაბოლური აქტივობა, რაც თავის მხრივ, გავლენას ახდენს ეკოსისტემის მრავალ პროცესებზე, მაგალითად, ახალი პათოგენების გამოჩენაზე“, — წერენ მკვლევრები.
არქტიკის ზედა ნაწილი, ანუ უკიდურესი ჩრდილოეთი რეგიონები, კლიმატის ცვლილებისადმი ყველაზე მგრძნობიარე ნაწილია მსოფლიოში. გასული რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, ჩრდილო-ყინულოვანი ოკეანის ზამთრის მესამედი გაქრა.
ამავე დროს, მეცნიერები ასევე გვაფრთხილებენ მრავალი ფაქტორით გამოწვეული პანდემიების რისკის ზრდაზე: არა მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ადამიანთა საქმიანობის შედეგად ნადგურდება ბუნებრივი ჰაბიტატი და ადამიანები და ცხოველები იძულებული ხდებიან, სულ უფრო ახლოს იცხოვრონ ერთმანეთთან.
ახალ კვლევას საფუძვლად უდევს იმის გადაუდებელი აუცილებლობა, რომ გავიგოთ კავშირი ჰაბიტატის ცვლილებასა და დაავადებათა ახალ წყაროებს შორის. გამომდინარე იქიდან, რომ გლობალური დათბობა სახეობებს კიდევ უფრო ჩრდილოეთით წასვლას აიძულებს, რათა იგივე ტემპერატურის მქონე გარემო შეინარჩუნონ, კიდევ უფრო იზრდება ვირუსების პოტენციალი, რომ ახალ სახეობებში გადავიდნენ.
„კლიმატის ცვლილების ამ ორმაგ ეფექტს, როგორც სახეობიდან სახეობაში გადასვლის რისკის ზრდას, ისე სახეობათა ჩრდილოეთით გადაწევას, შეიძლება დრამატული ეფექტი ჰქონდეს არქტიკის ზედა ნაწილზე“, — წერენ მკვლევრები.
კვლევა Proceedings of the Royal Society B: Biological Sciences-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.