არქიტექტორი გიგა ბათიაშვილი - ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციას უნდა ერქვას საქართველოს რუსთაველის სახლი, ანუ კულტურის ცენტრი
არქიტექტორი გიგა ბათიაშვილი აცხადებს, რომ მისთვის კატეგორიულად მიუღებელია, ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციას სახელმწიფო ცერემონიების სასახლე დაერქვას.
მისი თქმით, რეზიდენციას უნდა ერქვას საქართველოს რუსთაველის სახლი, ანუ კულტურის ცენტრი.
„ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია ცერემონიები. აქ უნდა იყოს კულტურის ცენტრი. კულტურა ფუძნდება ეროვნულ აზროვნებაზე და გამოისახება როგორც ისტორიულ პროცესებში, ისე შედეგში. ამიტომ სასახლეს უნდა ერქვას საქართველოს რუსთაველის სახლი, ანუ კულტურის ცენტრი. ჩემი წინადადება ეს არის. მე ვიცი, რომ პრეზიდენტის სამსახურმა გაავრცელა ეს ინფორმაცია, რომ იქ უნდა იყოს წვეულებათა სასახლე, თითქოს გადაწყდა, თუმცა ეს ჩემთვის სრულიად მიუღებელია. ჩემთვის ერთადერთი რამ არის მისაღები – ჩვენ ვართ მცირერიცხოვანი, პატარა ერი, რომელმაც 21-ე საუკუნემდე მოაღწია, რადგან ჩვენი წინა თაობები კარგი და ცუდი თვისებების მიუხედავად, რუსთაველის იდეოლოგიაზე იყვნენ აღზრდილები და ჩვენს ერს მსოფლიო კულტურის საგანძურში გარკვეული ღირებულება გააჩნია. ეს არის ამოცანა ნომერი ერთი, რომ ეს შევინარჩუნოთ და განვავითაროთ. თუ ამას დაუპირისპირებენ „ტანცკლასის“ მოწყობას და მიღებებს, მაშინ მე არ ვიცი“, – განაცხადა გიგა ბათიაშვილმა.
პრეზიდენტის პრესსპიკერის, ხატია მოისწრაფიშვილის ინფორმაციით, ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციას სახელმწიფო ცერემონიების სასახლე დაერქმევა.
ამასთან, საპარლამენტო კომისიის ხელმძღვანელმა, დეპუტატმა, მარიამ ჯაშმა განაცხადა, რომ ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციაში სავარაუდოდ, საქართველოს კულტურის ეროვნული სასახლე განთავსდება.