არქიმანდრიტი კირიონი - დავით გარეჯში ხვალ ავდივართ მოსალოცად, ყველას მოვუწოდებ, ხვალინდელ დღეს ნუ გამოიყენებენ სხვა აქტივობისთვის
ყველას მოვუწოდებ და ჩვენი თხოვნა იქნება, ხვალინდელ დღეს ნუ გამოიყენებენ სხვა რაიმე სახის აქტივობისთვის, ხვალინდელი დღე არის ლოცვითი დღე, – ეს განცხადება დავით გარეჯის მონასტრის არქიმანდრიტმა, კირიონმა (ონიანი) ხვალ დავით გარეჯის მონასტერში დაგეგმილ აქტივობებთან დაკავშირებით გააკეთა.
გავრცელებული ინფორმაციით, ხვალ აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დავით გარეჯში აზერბაიჯანელი აქტივისტები შეიკრიბებიან, ქართული სამღვდელოება კი უდაბნოს მონასტერში ლოცვას აღავლენს. საპატრიარქო მოუწოდებს მრევლს, ხვალინდელი დღე იყოს ლოცვითი და არ აყვნენ პროვოკაციებს. როგორც ცნობილია, ხვალ ადგილზე ასევე ჩასვლას აპირებს ანტისაოკუპაცია მოძრაობა „ძალა ერთობაშია“.
მამა კირიონის თქმით, დავით გარეჯში ერი და ბერი არსებული პრობლემის კეთილმეზობლური და ცივილიზებული ფორმით გადასაჭრელად ილოცებს.
„ხვალინდელი შეკრების დღე განეკუთვნება იმას, რომ ხვალ ავდივართ უდაბნოში მოსალოცად, რათა ერთობლივად ერმა და ბერმა ვილოცოთ, რათა ეს პრობლემა, დაკავშირებული დავით გარეჯთან და უდაბნოს მონასტერთან, გადაწყდეს კეთილმეზობლურად, ცივილიზებულად და ჩვენს ქვეყნებს შორის მეზობლობასა და ურთიერთობას რაიმე საფრთხე არ შეექმნას. ეკლესია მთლიანად ორიენტირებულია კონსტრუქციულ და სამართლებრივ დიალოგზე, ამიტომ ყველას მოვუწოდებ და ჩვენი თხოვნა იქნება, რომ ხვალინდელ დღეს ნუ გამოიყენებენ რაიმე სხვა სახის აქტივობისთვის. ხვალინდელი დღე არის ლოცვითი დღე, რათა ყოველივე კეთილად, სამართლიანად წარიმართოს“, – აღნიშნა მამა კირიონმა.
საპატრიარქოში გამართულ ბრიფინგზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის განცხადებაც წაიკითხეს. ილია მეორე აცხადებს, რომ ბოლო დროს გარეჯის მრავალმთის უდაბნოსთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების ანალიზი ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ საეკლესიო თემიდან გამომდინარე, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სერიოზული პრობლემების შექმნა სურს სხვა ძალას. მისივე თქმით, როდესაც დავით გარეჯის საკითხზე მიმდინარეობს მოლაპარაკება, მკვეთრი განცხადებებისა და ქმედებების განხორციელება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება.