არქიმანდრიტი დიონისე (გვიმრაძე) - დარჩით სახლში, ნუ გამოცდით უფალს, ნუ დაიწყებთ სასწაულის ძიებას, ნუ დაივიწყებთ მოყვასის სიყვარულის შესახებ მოწოდებას და ნურც უაზრო მსხვერპლს გაიღებთ
არქიმანდრიტი დიონისე (გვიმრაძე) სოციალურ ქსელში მრევლისადმი მიმართვას ავრცელებს. იგი მიმართავს მრევლს, რომ საყოველთაო პანდემიის პირობებში, გაუფრთხილებლობის შემთხვევაში, ისინი საკუთარ თავსაც ავნებენ და სხვასაც.
„ჩემო სულიერო შვილებო,
დღეს, განსაცდელის ჟამს, სააღდგომო მსახურების მოახლოებასთან ერთად, მინდა რამდენიმე მოწოდება შემოგთავაზოთ, რომლებიც ძირითადად სახარებისეულ პრინციპზეა აგებული:
ნუ ვიქნებით ზედმეტად თავდაჯერებულნი, თორემ, ვაითუ, პეტრე მოციქულის მსგავსად, მწარედ ავტირდეთ (მათ. 26:75).
ნუ გამოვცდით უფალს (ლუკ. 4:12), სასწაულის მოლოდინით, თორემ, ვაითუ, ბოროტი და მემრუშე აღმოვჩნდეთ (მათ. 16:4).
ნუ დავივიწყებთ მოყვასზე ზრუნვას, თორემ, ვაითუ, უფალმა, საყოველთაო სამსჯავროზე, მის მარცხნივ მდგომარეთა მსგავსად, მოგვმართოს: „წადით ჩემგან, წყეულნო, საუკუნო ცეცხლში, რომელიც ეშმაკისა და მისი ანგელოზებისთვისაა გამზადებული.“ (მათ.25:41), რადგან „რითაც არ შეეწიეთ ერთს ამ ჩემს მცირე ძმათაგანს, იმით არც მე შემეწიეთ“ (მათ. 25:45).
ნუ უგულებელვყოფთ შაბათის შესახებ იესო ქრისტეს შემდეგ მოწოდებას: „შაბათი კაცისთვის შეიქმნა და არა კაცი შაბათისთვის“ (მარკ. 2:27), თორემ, ვაითუ, მაცხოვარმა გვითხრას: „ვაი თქვენდა, მწიგნობარნო, და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, ცათა სასუფეველს რომ უხშობთ ხალხს, ვინაიდან არც თვითონ შედიხართ და არც შემსვლელთ ანებებთ შესვლას“ (მათ. 23:13).
ნუ დავივიწყებთ კეთილი სამარიტელის შესახებ იგავს, რომელშიც მაცხოვარმა ნათლად დაგვანახა თუ ვინ არის მოყვასი — ის, ვინც ადამიანის მიმართ მოწყალებას იჩენს (ლუკ. 10: 29-37), თორემ, ვაითუ, იესო ქრისტემ გვითხრას: „ვინაიდან რომელი საწყაულითაც მიუწყავთ, იმითვე მოგეწყვით თქვენ“ (ლუკ. 6:38).
ნუ უარვყოფთ უფლის მიერ ბოძებული ორი უმთავრესი მცნებიდან, რომლებზედაც მთელი სჯულია დამოკიდებული (მათ. 22:36-40), ერთ-ერთს — მოყვასის სიყვარულს: „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“ (მათ. 22:39), თორემ, ვაითუ, მაცხოვარმა გვითხრას, რომ ვცრუობთ, რადგან ვისაც არ უყვარს ძმა, რომელსაც ხედავს, მაშინ „როგორღა შეიყვარებს ღმერთს რომელსაც ვერ ხედავს?“ (1 იოან. 4:20).
ნუ გავიღებთ უაზრო მსხვერპლს, თორემ, ვაითუ, უფალმა გვითხრას: „წყალობა მნებავს და არა მსხვერპლი“ (მათ. 9:13).
ამიტომაც, დარჩით სახლში!
ნუ გამოცდით უფალს, ნუ დაიწყებთ სასწაულის ძიებას, ნუ გახდებით შაბათის მსახურნი, ნუ დაივიწყებთ მოყვასის სიყვარულის შესახებ მოწოდებას და ნურც უაზრო მსხვერპლს გაიღებთ. ეს ყველაფერი უფალს, როგორც ყოვლადკმარსა და სრულყოფილს, არაფერში სჭირდება, ხოლო ჩვენ, საყოველთაო პანდემიის პირობებში, გაუფრთხილებლობის შემთხვევაში, საკუთარ თავსაც ვნებთ და სხვასაც“, – აღნიშნულია არქიმანდრიტ დიონისეს (გვიმრაძე) მიმართვაში, რომელსაც „ფეისბუქში“ დმანისის სიონის გვერდი ავრცელებს.