„გადაჭრილი გორას“ განვითარების კონცეფციას უცხოელი ექსპერტების ჩართულობით შეიმუშავებენ
„გადაჭრილი გორას“ განვითარების კონცეფციას უცხოელი ექსპერტების ჩართულობით შეიმუშავებენ

ქვემო ქართლის სოფელ იმირში მდებარე ნეოლითური ხანის არქეოლოგიური ძეგლის „გადაჭრილი გორას“ განვითარების კონცეფციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, უცხოელი ექსპერტების ჩართულობით, საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან ერთად შეიმუშავებს. ინფორმაციას ამის შესახებ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სახელმწიფო ინსტიტუციების მიერ ერთობლივად მომზადდება ძეგლის საფუძვლიანი კონსერვაციის, მისი ტურისტულ საიტად ქცევის გეგმაც, რაც ძეგლის ინფრასტრუქტურულ მოწყობასა და ვიზიტორთა ცენტრის განვითარებას გულისხმობს.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, სამომავლო სტრატეგიის განსაზღვრის პარალელურად სოფელ იმირში, სადაც რამდენიმე წლის წინ აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალის საერთაშორისო მულტიდისციპლინარულმა კვლევამ ძვ.წ. 6000-5800 წლებში აქ მოსახლე ტომებში მეღვინეობის პირველადი მიმდინარეობის არსებობა დაადასტურა, არქეოლოგიური კვლევა-ძიების პროცესი მაისის თვიდან განახლდება.

გრძელვადიანი პატნიორობის ფარგლებში, ძეგლის არქეოლოგიურ შესწავლას
საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომლებთან ერთად, კვლავაც ტორონტოს უნივერსიტეტის არქეოლოგებიც განახორციელებენ, რომელთანაც ქართული მხარე 2016 წლიდან თანამშრომლობს.

„განვლილ ორ წელიწადში ძეგლზე ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოების გაცნობის, ამჟამინდელ მდგომარეობის შეფასებისა და მომავალი სამეცნიერო კვლევა-ძიების სამუშაოების დაგეგმვის მიზნით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის, მარნეულის მუნიციპალიტეტისა და ტორონტოს უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი ჯგუფი ნეოლითის ხანის
არქეოლოგიურ ძეგლს გუშინ ესტუმრა. ძეგლზე აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალების ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობიდან გამომდინარე, მხარეთა ერთობლივი გადაწყვეტილებით, შემუშავდება ძეგლის სამომავლო დაცვის მექანიზმებიც, რომელთა საბოლოო დახვეწისა და ამოქმედების შემდეგ, მაღალი ალბათობით „გადაჭრილი გორას“ ეროვნული კატეგორიის არქეოლოგიური ძეგლის სტატუსი მიენიჭება.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ცნობით, პროცესების პარალელურად, კანადური მხარე საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებიდან არქეოლოგიური ძეგლის სამომავლო განვითარებისთვის საჭირო ფინანსური რესურსის მოძიებას შეეცდება, რაშიც საქართველოს მთავრობაც მიიღებს
აქტიურ მონაწილეობას.

“დაცვის პირველადი მექანიზმის ამოქმედებაზე ადგილობრივი თვითმმართველობა იზრუნებს, რომელთა ძალისხმევითაც ახლო მომავალში არქეოლოგიური ძეგლის ტერიტორია დროებითი კონსტრუქციით შემოიღობება. „გადაჭრილი გორას“ არქეოლოგიური მისიის ხელახალი ამოქმედებისთანავე ფუნქციონირებას განაახლებს საერთაშორისო საზაფხულო სკოლაც, სადაც პრაქტიკულ და თეორიულ ცოდნას ქართველ სტუდენტებთან ერთად, კანადელი ახალგაზრდებიც მიიღებენ. სკოლა სპეციალური პროგრამის ფარგლებში იმუშავებს, რომლის მიზანიც ქართული კულტურული მემკვიდრეობის, მისი შემსწავლელი მეცნიერებების – საქართველოს ისტორიისა და ისტორიული დისციპლინების – არქეოლოგიის, ეთნოლოგიისა და პალეობოტანიკის პოპულარიზაციაა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.