არქეოლოგებმა დაადასტურეს, რომ ითხვისის ნაქალაქარზე ვრცელი დასახლება არსებობდა
არქეოლოგიურმა გათხრებმა ჭიათურის რაიონის სოფელ ითხვისის ნაქალაქარზე ვრცელი და ინტენსიური დასახლების არსებობის შესახებ ვარაუდი დაადასტურა. ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, არქეოლოგიის შედეგად გამოვლენილია სამფენიანი ნამოსახლარი, რომელიც მოიცავს პერიოდს გვიან ელინისტური ხანიდან გვიანი შუა საუკუნეების ჩათვლით.
აღნიშნული სამუშაოების შედეგად: კიდევ ერთხელ დადასტურდა მოსაზრება კოლხეთში წინარე ანტიკური ხანის ნამოსახლარების ინტენსიურობის თაობაზე. აღმოჩენილია განვითარებული შუა საუკუნეების ინტენსიური დასახლება, რომელიც ვრცელდება დაახლოებით 300 მეტრის სიგრძეზე. ამ დასახლებას დასავლეთ საქართველოს არქეოლოგიურ ძეგლებს შორის ანალოგი არ გააჩნია, რადგან ასეთი სიდიდის მარანი არსად არ არის აღმოჩენილი. გვიან ელინისტური ხანის ნაგებობა უნიკალური მოვლენაა დასავლეთ საქართველოს არქეოლოგიისთვის, რადგან იგი წარმოადგენს ამ ეპოქის ჯერჯერობით ერთადერთ ნაგებობას. ამ პერიოდის ნაგებობები არ აღმოჩენილა არც ვანის და არც საირხის ნაქალაქარებზე.
არქეოლოგიური კომპლექსის ქრონოლოგიის გათვალისწინებით მას არავითარი საერთო არ გააჩნია ითხვისში გასული საუკუნის 60-იან წლებში გათხრილ არქეოლოგიურ ძეგლთან და იგი მისგან აბსოლუტურად დამოუკიდებელი დასახლებაა.
სამუშაოები საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით ჩატარდა.
სამუშაოებზე ზურაბ ბრაგვაძის ხელმძღვანელობით არქეოლოგთა ჯგუფი – დავით სულხანიშვილის, ქეთევან დიღმელაშვილის, დავით დარეჯანაშვილის, ნანა კაპანაძისა და თინა მანიას შემადგენლობით მონაწილეობდა.
სამეცნიერო კვლევა-ძიების სამუშაოებში აგრეთვე მონაწილეობდნენ კავკასიის უნივერსიტეტის ისტორიის მიმართულების სტუდენტები.