არმაზ ახვლედიანი - თამარ ჟვანიას გადადგომა მხოლოდ იმ შემთხვევაში წაადგება პოლიტიკურ და დემოკრატიულ პროცესს, თუ „ქართული ოცნება“ არჩევნებს სამართლიანად ჩაატარებს
ფრაქცია „ლელოს“ წევრის, არმაზ ახვლედიანის განცხადებით, თამარ ჟვანიას გადადგომა მხოლოდ იმ შემთხვევაში წაადგება პოლიტიკურ და დემოკრატიულ პროცესს, თუ „ქართული ოცნება“ არჩევნებს სამართლიანად ჩაატარებს
„ქალბატონი ჟვანიას გადადგომა პოლიტიკურ და დემოკრატიულ პროცესს, ასევე ოპოზიციის მიერ მოთხოვნილი სხვა ნებისმიერი საკითხის მოგვარებას მხოლოდ იმ შემთხვევაში წაადგება, თუ „ქართული ოცნება“ გამოიჩენს საკმარის მტკიცე ნებას და კარს მომდგარ არჩევნებს ჩაატარებს რეალურად სამართლიანად. არა მოჩვენებითად როგორც აქამდე იყო, არამედ რეალურად“, – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.
კითხვაზე, მისი აზრით, თამარ ჟვანიამ გადადგომის გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო თუ არა, დეპუტატმა უპასუხა: „მიმაჩნია, რომ ადამიანები გადაწყვეტილებებს ინფივიდუალურად ღებულობენ, თუმცა არც კი აქვს ახლა ამას არსებითი მნიშვნელობა ჩემთვის“.
„მთავარია დაიწყოს რეალური ფუნდამენტური ცვლილებები საარჩევნო პროცესის გაჯანსაღების კუთხით. მაშინ მივხვდები, რომ „ქართულ ოცნებას“ თურმე ჰქონია ნება, საქართველოში ნორმალური სამართლიანი არჩევნების ჩატარების. თორემ თანამდებობიდან ცალკეული ადამიანების წასვლა და სხვების მოყვანა ჩემთვის არსებითად არაფერს არ შეცვლის. შეიძლება საუკეთესო თავმჯდომარე დასვა, მაგრამ შენ, როგორც პოლიტიკურმა ძალამ, ყველაფერი გააკეთო, რომ კვლავ იცუღლუტო, კვლავ იმაიმუნო და კვლავ დატოვო ადამიანები თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებელობის გარეშე. ყველა სხვა პრობლემა მეორეხარისხივანია“, – განაცხადა ახვლედიანმა.