არმაზ ახვლედიანი - შარლ მიშელის დოკუმენტი არის კომპრომისებით მიღწეული, ჯერ კიდევ ბეწვის ხიდზე ვართ
შარლ მიშელის დოკუმენტი არის კომპრომისებით მიღწეული და მომავალშიც კომპრომისებზე აგებული ბეწვის ხიდი, ჩვენ ჯერ კიდევ ამ ბეწვის ხიდზე ვართ, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო სიის წევრმა, არმაზ ახვლედიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.
შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა ამნისტიის ისეთი კანონპროექტის შემუშავება, რომელიც პოლიტიკოსებსაც დააკმაყოფილებს და 20 ივნისს დაზარალებულებსაც, არმაზ ახვლედიანმა განაცხადა, რომ ეს შესაძლებელია, მაგრამ ეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული.
„თუმცა, ვხვდები, რომ შეიძლება, ხელმომწერ ოპოზიციონერებსაც მოგვიწიოს გარკვეულ კომპრომისებზე წასვლა“, – განაცხადა ახვლედიანმა.
ირაკლი აბსანძის შეკითხვაზე, არის თუ არა პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით გიგა ბოკერიას დამოკიდებულება იმის ბრალი, რომ შესაძლოა, მან პირად მარცხად მიიღო ის, რომ მოლაპარაკების პროცესიდან მისთვის მოსაწონი დოკუმენტი ვერ წამოიღო, არმაზ ახვლედიანმა განაცხადა, რომ გიგა ბოკერია სხვაზე ნაკლებად არ იაზრებს შარლ მიშელის დოკუმენტის მნიშვნელობას და შესაძლებლობას, რომელიც ყველას ერთად მიეცა.
„მიდგომა, რომ შეიძლებოდა თუ არა მეტი, იქნებ, კიდეც შეიძლებოდა, მაგრამ მე სხვას ვიტყვი – შესაძლოა, ყველაფერი დაგვეკარგა და ყველაფერი წყალში გადაყრილიყო, მთელი ეს მრავალთვიანი მონდომება ოპოზიციის და სამოქალაქო აქტივისტების, მთელი ეს საერთაშორისო ჩართულობა და ა.შ. როცა ამბობ, კიდევ მეტრით მაღლა, შეიძლება, ჩამოშლილიყო და ამის რეალური შანსი იყო. ამიტომ, სჯობს, დროულად გაჩერდე და შეიგრძნო, სად დგება მომენტი, რომლის იქითაც საფრთხე გარდაუვალია. ვფიქრობ, ჩვენ სწორედ ასეთი საფრთხის წინაშე ვიდექით. მეჩვენება, რომ ეს საკმაოდ პრაგმატულად გაიაზრა ბატონმა სააკაშვილმა და დროულად აუღო ალღო“, – განაცხადა ახვლედიანმა.
შეკითხვაზე, როგორ ხედავს „ევროპული საქართველოს“ მომავალს იმ შემთხვევაში, თუ პარტია პარლამენტის ბოიკოტირებას გააგრძელებს, ახვლედიანმა განაცხადა, რომ „ევროპული საქართველოში“ გონებამახვილი პოლიტიკოსები არიან, მით უფრო, გიგა ბოკერია და იმედი გამოთქვა, რომ ისინი დოკუმენტს შეუერთდებიან.
ამასთან, კითხვაზე, შეძლებს თუ არა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არჩევნებამდე ჩამოსვლას, როგორც დღეს საზოგადოებას დაჰპირდა თუ დაემუქრა, ახვლედიანმა განაცხადა, რომ საერთოდ, საქართველოში უნდა დადგეს დრო, როცა პატიება და შერიგება მოხდება.
„არა შერიგება შერიგებისთვის, რომ გამოვაცხადოთ – მეგობრებო, მოდით, მშვიდობიანად ვიცხოვროთ. ამაზე არ არის საუბარი და ეს შეიძლება, ვერც მოხერხდეს. საუბარი იმაზეა, რომ თუ ჩვენ გვინდა, წარსულის ძალიან მძიმე ფურცელი გადავშალოთ, უნდა მოვახერხოთ და გავიაზროთ, რომ ზოგჯერ, სამართლიანობაზე მეტიც კია რაღაც და იცით, ეს რა არის?! – პატიება“, – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.