არმაზ ახვლედიანი - ქვეყანა დგას უმთავრესი გამოწვევების, პრობლემების წინაშე და ეს უპირველესად არის ის, რომ არაფორმალური მმართველობა არსად წასულა
არმაზ ახვლედიანი - ქვეყანა დგას უმთავრესი გამოწვევების, პრობლემების წინაშე და ეს უპირველესად არის ის, რომ არაფორმალური მმართველობა არსად წასულა

ქვეყანა, როგორც ყველას კარგად გვესმის, დგას უმთავრესი გამოწვევების, უმთავრესი პრობლემების წინაშე, ეს უპირველესად არის ის, რომ არსად წარულა, არის არაფორმალური მმართველობა და აქედან გამომდინარე, პარტიული დიქტატი, – ამის შესახებ პარლამენტის უფრაქციო პარლამენტის წევრმა, არმაზ ახვლედიანმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებით, დიქტატის გამოხატულებაა ლაზარე გრიგორიადისის, ასევე ნიკა გვარამიას შემთხვევა.

„ასევე, ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების მოხსნის საკითხი, ან თუნდაც ტელეკომპანია „ფორმულა“, სადაც თქვენ მისი მფლობელის მიმართ თავად გინდათ, გამოიტანოთ გადაწყვეტილება. თქვენ ხართ ბრალმდებელი და განჩინების გამომტანიც. პარტია ითავსებს ქვეყანაში ყველა ფუნქციას. აქედან გამომდინარე, რატომ შეიძლება გიკვირდეთ, რომ ვერაფერს პოზიტიურს ვერ სთავაზობთ ამ გარემოში ჩვენს ქვეყანას. როდესაც უიშვიათესი გამონაკლისის გარდა, იმ იშვიათი მოსამართლეების გარდა, რომლებიც ახერხებენ და ჯერ კიდევ წინააღმდეგობას უწევენ თქვენს წნეხს, თქვენ, ფაქტობრივად, სრულად დაიპყარით სასამართლო სისტემა.  ამით ერთი ათად აჯობეთ წინა ხელისუფლებას, რომლის დროსაც ეს იყო ყველაზე მთავარი პრობლემა, მაგრამ თქვენ ახლა ისე დახვეწეთ მეთოდები და ისე ახერხებთ, რომ იმ სისტემის შემოქმედსაც გაუკვირდება“, – განაცხადა ახვლედიანმა.

მისივე თქმით, ოკუპაცია, სიდუხჭირე თუ ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე არსებული პრობლემები, საბოლოო ჯამში, უკავშირდება სწორედ არაფორმალურ მმართველობას, პარტიულ დიქტატს.

„ეს ყველაფერი უკავშირდება იმას, რომ თქვენ გადაწყვიტეთ, საქართველოში არჩევნები აღარ ჩატარდეს ან ჩატარდეს თქვენებურად. სწორედ აქ არის უმთავრესი პრობლემა „ქართული ოცნების“ და სწორედ ამიტომაა, რომ შემდეგ ჯერზე, როცა თქვენ მიიღებთ მორიგ სახალხო პროტესტს, მკაცრ შეფასებებს დასავლეთიდან და ოპოზიციის სიმტკიცეს, ეს შეიძლება, აღმოჩნდეს ბოლო და დამამთავრებელი ეტაპი თქვენს პოლიტიკურ საქმიანობაში“, – აღნიშნა არმაზ ახვლედიანმა.